ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიზაცია- როგორ ჩატარდება 2014 წლის არჩევნები?

29 აპრილი, 2013 •
ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიზაცია- როგორ ჩატარდება 2014 წლის არჩევნები?

პროექტის პრეზენტაცია დღეს, 29 აპრილს იუსტიციის სახლში გაიმართა და მას ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამომრჩევლთა სიის ბიომეტრიზაციის საკითხზე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა, “ქართული ოცნების” წარმომამდგენელმა თემურ მაისურაძემ იმუშავა.


“საქართველოს უკვე აქვს შედგენილი ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც ჯერ სრულყოფილი არ არის. მასში მხოლოდ 750 ათასი მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემია (ბიომეტიული ფოტოსურათი). ჩვენი ამოცანაა მოვახდინოთ საარჩევნო უფლებების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქის პირადი მონაცემების ბიომეტრიზაცია კარდაკარის მეთოდით”, – განაცხადა მაისურაძემ.


პროექტის მიხედვით, ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიზაციის პროცესი კარდაკარის პრინციპით მოხდება, რასაც წინ მოსახლეობის გაფრთხილების პროცესი, ანუ სარეკლამო კამპანია უნდა უძღვოდეს.

 

“რას ნიშნავს მონაცემების ბაზის ფორმირება? კარდაკარ მისული ტექნიკური ჯგუფი, საარჩევნო უფლებების მქონე საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში სთხოვს პირადობის მოწმობის წარდგენას. შემდეგ ახდენს ახალი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას. სურათაზე მითითებული უნდა იყოს გადაღების თარიღი, რომელიც მიიჩნევა ამომრჩევლის ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღად. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ვერ წარადგენს ვერც პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ვერც  სხვა რაიმე საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, მაშინ ტექნიკური ჯგუფი ბიომეტრიული სურათის გადაღებამდე, ბაზაში არსებული ელექტრონული სურათის შედარების და სხვა მონაცემების გამოკითხვის მეშვეობით, ამოწმებს პირის შესაბამისობას რეესტრის ელექტრონულ მონაცემებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, ახდენს ახალი ბიომეტრიული სურათის გადაღებას და ამ წესისის დაცვით იწყებს ანკეტის შევსებას”, – ამბობს პროექტის ერთ–ერთი ავტორი თემურ მაისურაძე და დასძენს, რომ შემოწმებული მონაცემის დადასტურება ხდება ამომრჩევლის მიერ ელექტრონული ხელის მოწერით სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში.


ჯერჯერობით უცნობია, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში,  როდის დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. ასევე უცნობია, თუ ვის დაეკისრება ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიზაცია, რომელიმე უწყებას თუ უცხოურ კერძო კომპანიას შესაბამისი ტენდერის გამოცხადების პირობებში.


როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლო პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ამ პროცესის ფორსირება არ ღირს, შესაბამისად, ამომრჩეველთა ახალი ბიომეტრიული მონაცემებით ფორმირებული სიის საფუძველზე პირველი არჩევნები არა 2013 წლის საპრეზიდენტო, არამედ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის იქნება.


ინტერფრაქციული ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე შენიშვნა გამოითქვა და კითხვა დაისვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან.  მათ შორის ერთ–ერთი საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის ვერიფიკაცის საკითხს უკავშირდება. თემურ მაისურაძის განმარტებით, როდესაც არჩევნების დღეს ამომრჩეველი უბანზე მივა, კარდაკარის შედეგად შექმნილი მისი ბიომეტრიული ფოტოსურათი და ხელმოწერა საერთო კომპიუტერულ ქსელში უკვე დაფიქსირებული იქნება. ამომრჩევლის მიერ საკუთარი პირადი ნომრის წარდგენის შემდეგ მისი მონაცემები, ამ შემთხვევაში ბიომეტრიული ფოტოსურათი, კომპიუტერული ტექნოლოგიით გადამოწმდება და ვერიფიკაციის დადგენის შემდეგ ეს ამომრჩეველი სხვა უბანზე ხმას ვეღარ მისცემს, რადგან მას შესაბამისი კომპიუტერული ქსელი დაბლოკავს. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების აზრით, ეს სისტემა ე.წ. საარჩევნო კარუსელების პრევენციას მოახდენს.


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა იქნება ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი. დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ინტერფრაქციული ჯგუფის სხვა წევრებს მოუწოდა, რომ “ფულზე არ ინერვიულონ”.


როგორც ცნობილია, დასავლეთის რიგ ქვეყნებში ბიომეტრიული საარჩევნო ანკეტა  ელექტრონულ ფოტოსურათთან ერთად თითის ანაბეჭდების მონაცემთა ბაზის შექმნასაც ითვალისწინებს. სურვილის შემთხვევაში თითის ანაბეჭდებს კარდაკრის პროექტის მეშვეობით ქართველ ამომრჩევლებსაც აუღებენ, თუმცა ეს სავალდებულო არ იქნება. თემურ მაისურაძემ ეს გარემოება იმით ახსნა, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ანაბეჭდების აღების პროცესში სამ ექვსიანს და ეშმაკს ხედავს. ამიტომ სირთულეების თავიდან აცილების მიზნით მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თითის ანაბეჭდის აღების პროცედურის სირთულეს ხაზი დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშილმაც გაუსვა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დროებითი მოვლენაა.


“მე მახსოვს, რომ როდესაც 2003 წელს მარკირების პროცედურა შემოიღეს, მოსახლეობის ნაწილი მაშინაც გამოთქვამდა პროტესტს, თუმცა მას შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხზე შეცვლილია”, – განაცხადა მან.


პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები დასვა ამომრჩეველთა სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ. მან ინტერფრაქციულ ჯუფს შეახსენა ის პრობლემები, რომლის წინაშეც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გადამოწმებისას მისი კომისია დადგა. საუბარია იმ 183 ათას ამომრჩეველზე, რომელთანაც კარდაკარის პროექტის წარმომადგენელბმა კონტაქტი ვერ დაამყარა და ასობით ათას ამომრჩეველზე, რომლებიც შიდა მიგრანტებად მოიხსენიებიან, ანუ ჩაწერილი არიან ერთ მისამართზე და ფაქტობრივად ცხოვრობენ სხვაგან. ამასთანავე, კაციტაძის აზრით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოალაქეების ბიომეტრიზაციის პროცესში ჩართვაც გართულებდა.


“რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კარდაკარის მეშვეობით ამ ამომრჩევლებს ვერ შეხვდებით და მათი მონაცემების ბიომეტრიზაციას ვერ მოახდენთ?”, – იკითხა მან.


თემურ მაისურაძემ კი განაცხადა, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში კარდააკარის პროგრამით ვერ გაივლიან ანკეტირებას, გაიხსნება სპეციალური პუნქტები, სადაც მოხდება მათი მონაცემების ბიომეტრიზაცია. ხოლო უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში და კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში გაიხსნება მონაცემების ბიომეტრიზაციის პუნქტები, სადაც მათ მისვლა და ანკეტირება შეეძლებათ.


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადეგნლები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ შიდა მიგრანტებსა და უმისამართო ამომრჩევლებს, რომელთა აღრიცხვა ვერ ხერხდება, ბიომეტრიზაციის პროცესში მონაწილეობის დამატებითი მოტივაცია უნდა გაუჩინოს. მაგალითად, უფასოდ ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შესთავაზოს ე.წ. ID ბარათები, რომლის ფასი დღეისათვის 30 ლარს შეადგენს. მამუკა კაციტაძის აზრით კი, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ბიომეტრიის თემას საყოველთაო დაზღვევის პროექტს მიაბამს, ანუ მოქალაქეს, რომელსაც დაზღვევას გაუკთებს, ბიომეტრიულ მონაცემებსაც ავტომატურად დაურეგისტრირებს. ამით ადამიანებს ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიზაციის პროცესში მონაწილეობის დამატებითი მოტივაცია გაუჩნდება.


ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიზაციას მიესალმება ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, თუმცა  ამბობს, რომ ამ ახალი სიის გარეთ ამომრჩევლები არ უნდა დარჩნენ, რადგან ამან შეიძლება არჩევნების დღეს სერიოზული პრობლემები შექმნას.


“როგორ უნდა მოვიქცეთ იმ ამომრჩევლებთან დაკავშირებით, რომლებსაც კარდაკარის დროს ვერც სახლში შეხვდებით და არც  საკუთარი სურვილით წავლენ ბიომეტრიული ფოტოსურათის გადასაღებად?! ათასობით ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სიის გარეთ”, – განაცხადა მან და მოქალაქეებისათვის ბიომეტრიზაციის პროცესში მონაწილეობისათვის დამატებითი მოტივაციის გაჩენის იდეას დაუჭირა მხარი.


მასალების გადაბეჭდვის წესი