სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტმა მოქალაქე თბილისში, ბარათაშივილის ქუჩის 2 ნომერთან, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ბუჩქის ძირას დაარეგისტრირა.
ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი მთაწმინდაზე სწორედ ბუჩქის ძირას იყო რეგისტრირებული. მოგვიანებით ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსთავი 2-მაც.
ნეტგაზეთმა დამოუკიდებლად გადაამოწმა აღნიშნული მოქალაქის მონაცემები და ის ნამდვილად ბუჩქის ძირას არის რეგისტრირებული. ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი საერთოდ არ არის, მიმდებარე ნაკვეთები კი სახელმწიფოს ეკუთვნის.
ნეტგაზეთი დილიდანვე დაუკავშირდა სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებული არიან და პასუხს მოგვაწვდიან. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.