ახალი ამბები

გია ხუხაშვილი: დავითაშვილი საკმაოდ კვალიფიციური პოლიტიკოსია

23 აპრილი, 2013 • • 1683
გია ხუხაშვილი: დავითაშვილი საკმაოდ კვალიფიციური პოლიტიკოსია

როგორც ხუხაშვილმა დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადამიანის კორუფციაში დადანაშაულება ძალიან მძიმე ბრალდებაა. იგი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი კორუმპირებულს არ ჰგავს. ხუხაშვილის განცხადებით, იგი კობა დავითაშვილს არ ამტყუნებს და მიიჩნევს, რომ “კობა საკმაოდ კვალიფიციური პოლიტიკოსია”, თუმცა არსებობს წითელი ხაზი ბრალდებასა და კრიტიკას შორის.


“საერთოდ, კრიტიკა კარგი რამეა. კობა ასეთი ადამიანია. მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ის ყოველთვის გამოკვეთავს ხოლმე თავის პიროვნებას. კობა უფრო ინდივიდუალისტია, ვიდრე გუნდური მოთამაშე. კრიტიკაშიც არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც იწყება გართულებები. ის გადავიდა პირდაპირ ბრალდებაზე და ეს, რა თქმა უნდა, პობლემაა, რომელიც უნდა გადაწყდეს. კობამ ან უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება, ან უნდა განმარტოს. ბრალდება და კრიტიკა სხვადასხვა რაღაცებია”, – განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ არსებობს სხვა ვარიანტიც: კობა დავითაშილის დისტანცირება მმართველი გუნდიდან.


გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

ხუხაშვილის თქმით, ლოგიკაში არ ჯდება, როცა ადამიანს კორუფციაში ადანაშაულებ და ამ გუნდს არ ემიჯნები. მისი აზრით, ყველაზე კარგი ვარინტი იქნება, თუ დავითაშვილი და სერგეენკო ერთმანეთს შეხვდებიან.


შეგახსენებთ, რომ დეპუტატი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს დაუპირისპირდა და სადაზღვევო სექტორში “არსებულ მონოპოლიებთან” დაკავშირებით კითხვებით გაზეთ “კვირის ქრონიკის” მეშვეობით საჯაროდ მიმართა. სერგეენკომ დავითაშვილის განცხადება მის კორუფციაში დადანაშაულებად შეაფასა და დეპუტატს მტკიცებულებების წარმოდგენისაკენ, ან საჯაროდ ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა. მომხდარის შესახებ განცხადება სტრასბურგიდან პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავითაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და “საკმაოდ ეჩხუბა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი