ეკონომიკა

რატომ არ ეთანხმება მთავრობა ფინანსურ ამნისტიას

22 იანვარი, 2013 • • 2090
რატომ არ ეთანხმება მთავრობა ფინანსურ ამნისტიას

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძე საგადასახადო ვალდებულებების ამინისტირებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ  საჯარო განცხადებას ნეგატიუად აფასებს:

 

„წინმსწრები განცხადება ნეგატიურად აისახება საგადასახადო–შემოსავლების მობილიზებაზე. მოსალოდნელ ფინანსურ ამნისტიაზე, ფინანსთა სამინისტრო წინასწარ ვერ ისაუბრებს.“

 

დავით ებრალიძე ამბობს, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან ნაბიჯ–ნაბიჯ ახორციელებს:

 

„საგადასახადო კოდექსში ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები, სადაც გარკვეული მუხლები ამ კონტექსტში განიხილება. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ბოლო ინსტანციის უზენაეს სასამართლოში დავის დასრულებამდე არ ხდება საგადასახადო ვალდებულების აღსრულება. იგეგმება ცვლილებები. მთლიანად ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ვერ მოხდება, რადგან არსებული სისტემა შესაცვლელია. ჩვენი ხელისუფლება აღაირებს არსებულ მავნე პრაქტიკას და დავების დასრულებამდე აღსრულებაზე არ ვსაუბრობთ.“ 

 

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ფინანსური ამნისტიის და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა 17 იანვარს გააჟღერა: 

 

პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას:  “ეკონომიკაში არის საგანგაშო ტენდენციები, ვთავაზობ საქართველოს მთავრობას გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია 2013 წლამდე საგადასახადო დავალიანებაზე. ასევე, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, რომ არ იყოს საპატიმრო სანქციები გამოყენებული ეკონომიკურ დანაშაულებზე.”

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ ფინანსური ამნისტიის თაობაზე წინასწარ არავინ საუბრობს:

 

„წინასწარ გაცახადებულმა ფინანასურმა ამნისტიამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი ნეგატიური და კვაზი დამოკიდებულება მის მიმართ და ძალიან ცუდი შედეგი იყოს. პრეზიდენტს თუ ეს სურდა, ნებისმიერ დროს შეეძლო საკანონმდებლო ინიციატივით გამოსვლა, მაგრამ – არა საჯაროდ. გადამხდელი როცა გაიგებს, რომ შეიძლება ამნისტია გამოცხადდეს, შესაძლოა, დავალიანება არ დაფაროს. ამით ძალიან დაზარალდება ბიუჯეტი.“

 

„ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაითის“  ხელმძღვანელი, ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს:

 

„ეს არის პოლიტიკური განცხადება და არ არის შედეგზე გათვლილი ინიციატივა: დღეს გვინია საუბარი დეკრიმინალიზაციაზე და ფინანსური დანაშაულის შემცირებაზე, როდესაც მართლა ხდებოდა უმკაცრესი მიდგომები სხვადასხვა ბიზნესების მიმართ და პოლიტიკური გავლენა ბიზნესებზე იყო საკმაოდ მაღალი.“

 

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ფინანსური და ნებისმიერი ტიპის ამნისტია არის უსამართლო: „გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია რომელსაც აქვს დავალიანებები, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, დგება იგივე პირობებში, როგორც ის კომპანიები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს. მათ  შეიძლება გაუჩნდეთ პრეტენზია: რა აზრი აქვს ყველა გადასახადის გადახდას, თუ ერთ დღეს მოხდება მისი ამნისტია. წინასწარი განცხადება ამ საფრთხის შემცველია. შესაძლოა ეს განცხადება ბიუჯეტში გადახდების შემცირების მიზეზი გახდეს.“

 

მცირე  და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე ამბობს, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, აქტიურად ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ საუბრობდა: 

 

„გავმართეთ დაახლოებით 30 შეხვედრა მეწარმეების და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობით. დავწერეთ რეკომენდაციები და ხელისუფლებაში მივმართეთ ყველას, ვისთვისაც შეიძლებოდა მიგვემართა. მაშინ ყურადღება არ დაეთმო ამ საკითხს ხელისუფლების მხრიდან. დღეს როცა სიტუაცია შეიცვალა, ამის მოთხოვნა ცოტა უხერხულია. რაც შეეხება ნორმებს, ამაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი უნდა შედგეს. არ შეიძლება მეწარმე შეცდომის ან კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამო გამოძების დასრულებამდე დააპატიმრონ.“

 

კოხრეიძე ამბობს, რომ ფინანსური ამნისტიის ინტერპრეტირება სხვადასხვანაირად  შეიძლება: „უნდა ვიცოდეთ რას გულისხმობს ეს ამნისტია. არ მგონია, რომ საგადასახადო დავალიანებები სრულად  ჩამოეწეროს ბიზნესს, ეს რეალურად ვერ მოხდება, რადგან მიმაჩნია, რომ ბიზნესმა გადასახადები უნდა გადაიხადოს. “

 

“ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ექსპერტs ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ ამნისტიის წინასწარ გამოცხადება სახიფათოა:

 

„ამან შეიძლება უბიძგოს მეწარმეებს არ გადაიხადონ ის დავალიანებები, რაც დაუგროვდათ ძირითადი დავალიანების ან სანქცია–საურავების სახით. რაც შეეხება პრეზიდენტის ამ ინიციტივებს, ორივე უფრო პიარული ელემენტის შემცველი იყო, ვიდრე ბიზნესზე და ეკონომიკურ სუბიექტებზე ზრუნვის მანიშნებელი. თუ რამე დაგროვილი აქვს ჯარიმა–საურავების სახით ბიზნესს და რამე მანკიერი პრაქტიკა ახლდა თან ეკონომიკური დანაშაულისათვის პატიმრობის გამოყენებას საქართველოში, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის  ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაინერგა. სააკაშვილს ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა, რომ ამ საკითხზე სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები განეხორციელებინა.“

 

პირველი ფინანსური ამნისტია მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ 2005 წელს განახორციელა.

 

2004 წლის  24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ერთჯერადი ხასიათის “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონი, რომელმაც მეწარმეები 2004 წლამდე დაფარული გადასახადებისაგან გაათავისუფლა და არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსი მისცა.

 

2004 წელს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან გოცირიძის გათვლებით, თანხა, რომელსაც სახელმწიფო მეწარმეებს აპატიებდა, დაახლოებით 2 მლრდი ლარი უნდა ყოფილიყო.   

 

ცხრა წლის წინ განხორციელებული საგადასახადო ამნისტია გავრცელდა ყველა მეწარმეზე, რომელთაც კანონის ამოქმედებამდე არ ჰქონდათ აღიარებული  საგადასახადო დავალიანება და სამეწარმეო დანაშაული, რომელიც  2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.

 

ამ კანონით დამალული ქონებისა და ფინანსების დეკლარირება 2005 წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო. ფინანსები ლეგალიზებულად ითვლებოდა თუ დეკლარანტი მის 1%-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი