პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან, ამჟამად რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზების მცდელობაზე ინფორმაცია “ქართული ოცნების” კოალიციის ყოფილმა წევრებმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გია ხუხაშვილმა გაავრცელეს.
თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ტრამპთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობა დაიწყო საქართველოს მთავრობის დელეგაციის გაეროში გამგზავრებამდე და ამის სურვილი მას შემდეგ არ გაჩენილა, რაც პრემიერ-მინისტრს ჯო ბაიდენის ვახშამზე მოწვევა გაუუქმეს.
„100%-ით შემიძლია გითხრათ და დადასტურებულად ვიცი, რომ ისინი ცდილობდნენ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ეს იყო საელჩოს მხრიდან მცდელობა კობახიძისთვის საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლობისტების მონაწილეობით. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ პირველი ადამიანი, ვისი საშუალებითაც ცდილობდნენ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას, აღარ არის ტრამპის მხარდამჭერთა შორის. ამაშიც ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორ ერკვევიან, ვისთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა და ვის უნდა ელაპარაკონ. საუბარი არის ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირზე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც დაუკავშირდნენ ამ შეხვედრის ორგანიზების თხოვნით. როგორ დაიცინნენ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.
მერე უკვე ჰქონდათ მის საარჩევნო შტაბთან კომუნიკაციის მცდელობა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო“, – განუცხადა თინა ხიდაშელმა „ტვ პირველს“.
თინა ხიდაშელის თქმით, ტრამპთან და ბაიდენთან გადაღებული კობახიძის ფოტო „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ მიუხედავად აშშ-ის მხრიდან სანქციებისა, ყველაფერი კარგადაა.
“ეს მცდელობა იყო თბილისიდან, ჯერ კიდევ დელეგაცია არ იყო წასული, როცა მათ ეს მოძრაობა დაიწყეს. არცერთი ფოტო არ შედგა [არც ჯო ბაიდენთან და არც დონალდ ტრამპთან]. რა თქმა უნდა, მათი ამოცანა იყო ეს ფოტოსესიები, რომლის შედეგადაც იტყოდნენ – ამერიკის პრეზიდენტი მათ ეპატიჟება სადილზე, არავითარი სანქციები და მსგავსი ტიპის პრობლემა არ არსებობს, თუმცა აგერ დონალდ ტრამპთან, როგორც ამერიკის მომდევნო პრეზიდენტთან და მათთან იდეოლოგიურად ყველაზე უფრო ახლოს მდგომ პოლიტიკოსთან, მათთვის ყველა კარი ღიაა. ტრამპთან გადაღებული ფოტო იქნებოდა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმის დასტურად, რომ „აი, ნახეთ, როგორ ძლიერად ვართ, ხალხო, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად არის“.
ამასობაში ყველაფერი პირიქით მოხდა. მათთვის ყველაზე მიუღებელი პოლიტიკოსი ზელენსკი შეხვედრებს მართავდა ყველასთან, მათ შორის ტრამპთანაც, და მათ ვერ მიიღეს ვერც ერთი შეხვედრა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გია ხუხაშვილის ინფორმაციით კი, მთავრობა კობახიძესა და ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზებას საქართველოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მეშვეობით ცდილობდა, რომელიც თავის მხრივ, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს დაუკავშირდა, თუმცა უარი მიიღო.
„ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის ქართველმა პირმა ტრამპის სიძეს, კუშნერს სთხოვა, რომ იქნებ ტრამპთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია დაფიქსირდეს. ამათ ხომ აქვთ ნარატივი, რომ „ბაიდენს არ ვუყვარვართ, მაგრამ ტრამპი ჩვენია“. კუშნერმაც იქ გააგზავნა, სადაც ისრაელიდან გააგზავნეს. ტრამპმაც სასტიკი უარი სტკიცა… ესენი რომ ამბობენ, ტრამპი მოვა და რაღაც შეიცვლებაო, ამათთვის უარესობისკენ შეიცვლება, რადგან დემოკრატიული პარტია უფრო ფრთხილია და უფრო აკურატულად მოქმედებს, ტრამპი ნაჯახით იწყებს მოქმედებას, როდესაც ამერიკის ინტერესებს უხეშად შეეხები. ჩვენმა ხელისუფლებამ ამერიკის მისამართით რა აღარ იკადრა“, – განუცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველს“.