ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვები დაიწყო. უწყებაში უკვე იმყოფებოდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ასევე „ასავალ-დასავალის“ ყოფილი ჟურნალისტი, გიორგი გიგაური.
სამივე გამოკითხული მედიასთან ამბობს, რომ დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტზე.
ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ ცრუ დასმენის მუხლით.
„შეკითხვა იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. რამე ხომ არ ვიცოდი დამატებით, ასე შემდეგ, განვმარტე, რომ საერთოდ არ ვიცი ამ მოვლენის შესახებ გავიგე ღარიბაშვილის წერილიდან. […] რასაც ვუყურებ, ორი მიმართულება იქნება განვითარების, ეს გამომძიებელზე არ არის დამოკიდებული ცხადია. ერთი არის პროპაგანდისტული, რომ აი ღარიბაშვილი ებრძვის ბიძინას და გვარამია და სხვები მის გვერდით არიან, რაც მეორე ნაწილში ყოველ შემთხვევაში დანამდვილებით ტყუილია. ყოფილმა პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, რომ ეს ყველას გვაინტერესებს, თუმცა პასუხი ჩვენ არ ვიცით ამ შეკითხვაზე, ჯერ ყოველ შემთხვევაში. მეორე იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ამაში დარწმუნებული ვარ, ცრუ დასმენის მუხლით“, – ამბობს ნიკა გვარამია.
გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ გამოკითხვაზე ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უნდა მისულიყვნენ, რადგან ღარიბაშვილმა წერილში სწორედ ისინი დაასახელა.
„საუბარი იყო ჯორბენაძეზე, მე ახლა რაც საჯარო სივრცეში ვთქვი, იგივე ვუპასუხე – რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, გარემოებების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს და მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე და თვითმკვლელობების ასე რომ ვთქვათ, ბუნდოვანებაზე“, – ამბობს გია ხუხაშვილი.
გიორგი გიგაური,„ასავალ-დასავალის“ ყოფილი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ საზოგადოების დაშინებას ცდილობენ:
„აინტერესებდათ რაიმე დამატებითი ინფორმაცია მაქვს თუ არა ლაზარე ჯორბენაძის იდუმალებით მოსილ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მე დავუდასტურე, რომ არანაირი დამატებითი ინფორმაცია და ფაქტი არ ვიცი ამის შესახებ. ეს არის ელემენტარული საზოგადოების დაშინების ოპერაცია. მეტ-ნაკლებად ცნობილ სახეებს, მე არ ვთვლი ჩემს თავს ცნობილ სახედ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხალხს აჩვენებენ, რომ აი ცნობილ სახეებს ვიბარებთ იმასთან დაკავშირებით რაც ღარიბაშვილმა თქვა. რადგან ეს ადამიანები არაფერს ამბობენ დამატებითი ცნობების შესახებ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ესე იგი არც არაფერი საეჭვო აქ არ არსებობს“, – თქვა გიგაურმა.
პროკურატურამ დღეს თქვა, რომ გამოიკითხებიან: ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური; ირაკლი ღარიბაშვილი.
უწყება ასევე ამბობს, რომ „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი.
ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.
ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.
მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.
ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“
