ახალი ამბები

ომბუდსმენის ანგარიშზე პარლამენტი სპეციალურ დადგენილებას მიიღებს

18 აპრილი, 2013 • • 981
ომბუდსმენის ანგარიშზე პარლამენტი სპეციალურ დადგენილებას მიიღებს

„ანგარიშის მიმართ დეპუტატების მხრიდან დიდი ინტერესია. რადგან განხილვა რამდენიმე ეტაპად იმართება, იმედი მაქვს, რომ მეორე ნაწილში მეტი დასწრება და რეაგირება იქნება. ჩემთვის მთავარი ყველა კონკრეტულ რეკომენდაციაზე რეაგირებაა. მივიღეთ დაპირება, რომ პარლამენტი შეიმუშავებს სპეციალურ დადგენილებას ჩვენ მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. მსგავსი რამ პარლამენტის ისტორიაში არ ყოფილა. შეხვედრა საინტერესო იყო და ჩემი მთავარი რეკომენდაცია დარღვევებთან დაკავშირებით ეხება იმას, რომ უნდა ჩატარდეს ყველა კონკრეტული დარღვევის ეფექტური გამოძიება და კონკრეტული სასჯელი დადგეს იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ამგვარ ქმედებებში იყვნენ შემჩნეული,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა. 

 

დღევანდელ მოსმენას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმცირესობა. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები 19 აპრილის აქციის გამო თბილისში იმყოფებიან. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ნანუაშვილმა შემზარავი ფაქტები წარმოადგინა:

 

“სამწუხაროა, საპარლამენტო უმცირესობისთვის სახალხო დამცველის ანგარიში არ აღმოჩნდა საინტერესო და არ ესწრებოდნენ ამ ძალიან საინტერესო დისკუსიას. მე გამოვყოფდი ანგარიშის პირველ ნაწილში, რომელიც კომიტეტმა განიხილა ციხეში გამოვლენილი წამების ფაქტები, ჩვენ რამდენიმე კონკრეტული ისტორია ხმამაღლა განვიხილეთ, წავიკითხეთ ის ფაქტები, რომლებიც არის შემზარავი, მითითებულია კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, რომლებზედაც პროკურატურამ უნდა იმუშაოს და ეს ფაქტები სრულყოფილად გამოიკვლიოს. გამოვყოფდი ომბუდსმენის რეკომენდაციას, რომლითც ის ითხოვს, რომ გამოძიებული იყოს 26 მაისს მომხდარი ფაქტი. ასევე გამოუძიებელია 6 მაისის, 15 ივნისის დარბევები, რომელიც განხორციელდა.”

 

მისივე განმარტებით, ომბუდსმენის ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტი დადგენილების პროექტს მოამზადებს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანს:

 

“დადგენილების პროექტში ომბუდსმენის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია აისახება. სახალხო დამცველი ითხოვს დარბევების ფაქტების, წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებული 60-ზე მეტი პირის, ასევე, წინასაარჩევნო პერიოდის დროს ერგნეთში არსებული თავდასხმებისა და დაპირისპირებების გამოძიებას. ჩვენ დავუჭერთ მხარს ამ გამოძიებას. ასევე, სახალხო დამცველი ითხოვს კონტროლის პალატის საქმიანობის შესწავლას, რადგან 2012 წელს ეს ინსტიტუტი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყო გამოყენებული.“

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ თუკი სახალხო დამცველის ანგარიში მომავალ წელსაც ასეთივე იქნება, მმართველ გუნდს პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ ექნება. 
 

 

“წარდგენილ ანგრიშში საგანგაშოა არა ის, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, არამედ ის, რომ ყველაფერი კეთდებოდა საზოგადოებისთვის ასეთი ფაქტების დასამალად, პოლიტიკური გუნდი კი ცდილობდა ასეთ შემთხვევებზე არანაირი პასუხისმგებლობა არ აეღო.”

 

 როგორც დეპუტატები აცხადებენ, დანარჩენ საკითხებზე სასაუბროდ ნანუაშვილს შემდეგ სასესიო კვირაში მოიწვევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი