ნეტგაზეთი | ენერგეტიკის მინისტრი: ჩემი აზრით, ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს ენერგეტიკის მინისტრი: ჩემი აზრით, ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს – Netgazeti

ენერგეტიკის მინისტრი: ჩემი აზრით, ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ამბობს, რომ “ხუდონჰესი” აუცილებლად უნდა აშენდეს, თუმცა ახლა საქართველოს სხვა წყაროებიც აქვს, საიდანაც დამატებით შეუძლია ენერგორესურსების მიღება:

“ბოლო 4 წლის მანძილზე ჩვენ წინაშე იყო გარკვეული დაბრკოლებები, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური. 4 წლისთავზე დავდექით აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე. ჩვენ ახალი წყაროები გამოგვიჩნდა, რომლებიც ელექტროენერგიას 700 მეგავატის სიმძლავრით მოგვაწოდებენ. 500 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგური შენდება და უახლოეს მომავალში 1 000 მეგავატის სიმძლავრის დაემატება. საბოლოო ჯამში, სულ 2 500 მეგავატი გვემატება.

აქედან გამომდინარე, “ხუდონ ჰესის პროექტი” განიხილება, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს ობიექტი აუცილებლად უნდა აშენდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების დამატებითი წყარობის მიუხედავად, ეს ჰესი თავის ადგილს იმსახურებს. მაგრამ ეს ჩემი აზრია და ის მტკიცებულებებს მოითხოვს. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ მთავრობამ და ჩვენმა პარტნიორებმა ამ პროექტის მნიშვნელობა გაიაზრონ”,- განაცხადა მინისტრმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუს დროს. 

ხუდონჰესის პროექტის საწინააღმდეგოდ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს პროექტი სვანეთის ეკოლოგიაზე დამღუპველად იმოქმედებს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საპროექტო ტერიტორიიდან გადასახლებას არ აპირებს და ენერგეტიკის სამინისტროს შემოთავაზებას არ თანხმდება. პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com