ახალი ამბები

ხუდონჰესის მოწინააღმდეგეების აქცია–მსვლელობა კანცელარიიდან პრემიერის ბიზნეს-ცენტრამდე [Vidoe]

19 ოქტომბერი, 2013 • • 2077
ხუდონჰესის მოწინააღმდეგეების აქცია–მსვლელობა კანცელარიიდან პრემიერის ბიზნეს-ცენტრამდე [Vidoe]

“არა მტბორავ პირველს და მტბორავ მეორეს”, “ვითხოვთ დაპირებების შესრულებას”, “დაიცავი კულტურული მემკვიდრეობა”- ამ ლოზუნგებით მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, გზის გადაკეტვის უფლება მათ მერიისგან გუშინ, 18 ოქტომბერს მიიღეს.

 

“ხუდონჰესის აშენებით სოფლები და წინაპრების საფლავები დაიტბორება. საფრთხე ემუქრებათ საუკუნოვან ეკლესიებსაც. ამაზე საუბარი სააკაშვილის დროსაც იყო, თუმცა მერე შეჩერდა, ახლა კი ივანიშვილი აგვირგვინებს. თუ ასე გავანადგურებთ ბუნებას, არაფერი არ დაგვრჩება” –განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ თემურ ლაშხიამ.

 

პრემიერის რეზიდენციასთან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლას ითხოვდნენ. თუმცა ბიზნეს-ცენტრიდან მომიტინგეებს არავინ გამოეხმაურა.

 

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ხუდონჰესი აშენდება. პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი.

 

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს თანხა ექვს წელზე გადანაწილდება და წელიწადში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს დამატებით 1,1%-ით გაზრდის. ამასთან, ჰესის მშენებლობის ექვსწლიან პერიოდში (2014-2020) ქონების და საშემოსავლო გადასახადის სახით ქვეყნის ბიუჯეტში 157 800 000 ლარი შევა, რაც წელიწადში 26 300 000 ლარია.

 

“არა ხუდონჰესს, დავიცვათ სვანეთი” აქციის ორგანიზატორების თქმით, იგივე მოთხოვნით აქციები კვლავ გაიმართება.


აქცია ხუდონჰესის წინააღმდეგ
აქცია ხუდონჰესის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი