ახალი ამბები

კორკოტაშვილმა “რაინდული ბოდიში” უკან წაიღო – დაპირისპირება “იბერიის” ეთერში

21 ივლისი, 2017 • 8857
კორკოტაშვილმა “რაინდული ბოდიში” უკან წაიღო – დაპირისპირება “იბერიის” ეთერში

დღეს, 21 ივლისს, ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას გია კორკოტაშვილმა “ფეისბუკში” დაწერილი მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო “რაინდული ბოდიში” მოიხადა და “ღმერთს პატიებას სთხოვს”, თუმცა ამავე ეთერში მყოფმა თათია დოლიძემ მისი ბოდიში არ მიიღო.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას ასეთი ფორმა არ აქვს და გია კორკოტაშვილისგან სხვანაირად ელოდა საჯარო ბოდიშს.

კორკოტაშვილი გადაცემა “ფაბრიკაში” ტელეფონით კიდევ ერთხელ ჩაერთო, რადგან თათია დოლიძის განცხადებები არ მოეწონა და თავისი “რაინდული ბოდიში” უკან წაიღო, ხოლო “რუსეთის აგენტად” მოხსენიების გამო დოლიძეს აქეთ მოსთხოვა ბოდიშის მოხდა.

ე.წ. ქართული მარშის ერთ–ერთი ლიდერი თათია დოლიძეს პირდაპირ ეთერში დაჰპირდა, რომ მალე მის საწინააღმდეგო დოკუმენტებს წარადგენდა და სამართლებრივად გააგრძელებდა ბრძოლას.


20 ივლისს თბილისის მთავარ სამმართველოში გია კორკოტაშვილი, რამდენიმე მის თანამოაზრესთან ერთად, თათია დოლიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მუქარის შემცველი კომენტარების გამო გამოიკითხა.

19 ივლისს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გამართა, რომელიც 14 ივლისს გამართული ქსენოფობიური მარშისა და მისი ორგანიზატორების მხრიდან ქალის მიმართ ძალადობრივი განცხადებების საპასუხოდ ჩაატარეს.

16 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში ე.წ. ქართული მარშიშ ლიდერების მხრიდან მუქრისშემცველი კომენტარების გამო გამოძიება დაიწყო.

15 ივლისს სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშიას პოსტზე, ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები წაიშალა, ხოლო გია კორკოტაშვილი და მისი თანამოაზრეები “ფეიქ” ანგარიშებისა და “ფეისბუკის” გატეხვის შესახებ ალაპარაკდნენ. მოგვიანებით, თავად გია კორკოტაშვილმა დაადასტურა, რომ კომენტარები მისი დაწერილია. როგორც მან განაცხადა, ეს სიტყვები “სლენგის” მნიშვნელობით გამოიყენა და არა პირდაპირი მნიშვნელობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი