ნეტგაზეთი | სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძისა და რუსი მაღალჩინოსნის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძისა და რუსი მაღალჩინოსნის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება – Netgazeti
RU | GE  

სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძისა და რუსი მაღალჩინოსნის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

ინტერნეტში გაავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, იგორ მოროზოვის საუბარს ასახავს.

ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. თუ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა, ის 2020 წლისაა, რადგან მასში მონაწილეები კორონავირუსზე იწყებენ ლაპარაკს.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, იგორი მოროზოვი და ბრეგაძე საუბრობენ თხევადი გაზის ბიზნესზე. მოროზოვი ბრეგაძეს ეუბნება, რომ რუსეთი გაზიფიცირებულია, თუმცა დიდი რაოდენობით იწარმოება “გაზი, პროპანი, ბუტანი, თხევადი გაზი”, რომელთა გატანაც საქართველოს ბაზარზე, იქ, სადაც გაზი სახლებში შეყვანილი არ არის, შესაძლებელია. მოროზოვი ბრეგაძეს ამ თემის შესწავლას სთხოვს და ჰპირდება ხელშეწყობას იმისათვის, რომ ის გახდეს რუსეთიდან თხევადი გაზის მთავარი დილერი. მოროზოვი ბრეგაძეს ასევე ურჩევს პარტნიორების მოძებნას და თავის მხრივ ჰპირდება ბიზნესმენ ალექსეისთან დაკავშირებას, რომელსაც ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

იგორ მოროზოვი არის რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების დეპუტატი რიაზანის ოლქიდან, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) ვიცე-პოლკოვნიკი. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მან 2016 წელს მიიღო მონაწილეობა ვიდეოხიდში თბილისი-მოსკოვი, გაბუნიას მიერ პუტინის გინებას უწოდა „რუსი ხალხის შეურაცხყოფა“,  2016 წელს გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნებოდა სპეცჯგუფი რუსეთთან კავშირის საქმეებში.

რას ამბობს სანდრო ბრეგაძე? მან აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა. დააადასტურა ნაცნობობა მოროზოვთან. მისი თქმით, მასზე სხვა ფარული ჩანაწერებიც არსებობს, თუმცა არცერთი მათგანი არ არის ავთენტური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ჩანაწერს, ბრეგაძის თქმით, მოროზოვს წლებია რაც იცნობს და მასთან მეგობრობს. მათ შორის საუბარი კი მართლაც თხევადი აირის შესახებ მიმდინარეობდა.

“ის [მოროზოვი] მესაუბრება მე,  ხომ, არ ვიცი ადამიანი, ვინც დახმარებას გაუწევს პროპან-ბუტანის ბიზნესში. ამ საუბარში მე ვეუბნები, რომ კი ბატონო, მე მყავს ვიღაც მეგობრები და მოვიკითხავ”, – განაცხადა ბრეგაძემ.

ბრეგაძემ საკუთარ ვიდეომიმართვაში ასევე თქვა, რომ მეგობრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეწყვეტდა ბრძოლას დავითგარეჯის დასაცავად და საარჩევნო პროცესებს არ გამოეთიშებოდა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაასაჯაროებდნენ. ბრეგაძის თქმით, დიდი ხანია, რაც მის საუბრებს იწერენ და შემდეგ ამონტაჟებენ, ეს ყველაფერი კი უცხოეთში ხვდება, კონკრეტულად- უკრაინაში.

“უკრაინიდან ხდება ჩემი ჩანაწერების თავმოყრა, შემდეგ, მონტაჟი და გარკვეულ საიტებზე ატვირთვა. უკრანიდან თუ ვინ ახდენს ამ ყველაფერს, ალბათ თქვენთვის დღესავით ცნობილია. გაფრთხილება იყო, რომ თუ არ შევწყვეტ აქტივობებს, პირადი ცხოვრების კადრებს გამოვაქვეყნებთო”, – განაცხადა ბრეგაძემ და დასძინა, რომ არ ეშინია პირადი კადრების გასაჯაროების და უკან დახევას არ აპირებს.

სანდრო ბრეგაძე “ქართული მარშის” დამფუძნებელია. “მარში” წელს არჩევნებშიც მონაწილეობს. ამ ორგანიზაციის შესახებ საუბარია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში.

„ბოლო წლებში საქართველოში ე.წ. ტრადიციული ღირებულებების გავრცელების პროპაგანდის დიდი ზრდა შეინიშნება. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ქართული მარში“, 2017 წელს შექმნილი ქოლგა- ორგანიზაცია ექსტრემისტული მოძრაობებისთვის. მისი მიზანია, შეეწინააღმდეგოს, მათი თქმით, ქართულ საზოგადოებაზე დასავლეთის მიერ თავს მოხვეულ ღირებულებებს, რომელიც, მათი თქმით, ქართველებისა და ქართული საზოგადოების არსებობას ემუექრება. ეს აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმას. მისი მიზანია, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირსა და NATO-ში – დაახლოებით 15 წლის განმავლობაში არსებული საგარეო პოლიტიკური კონსენსუსის – გაწევრიანების საზოგადოებრივ მხარდაჭერას. „ქართული მარშის“ ლიდერთა შორისაა რამდენიმე პირი, რომელიც რუსეთთან და მისი გავლენის აქტივობებთან არის დაკავშირებული“, – წერია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, რომელსაც სანდრო ბრეგაძე უარყოფს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com