საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტზე, დავით ქაშიაშვილზე მუქარის ფაქტი.
მუქარის შემცველი შეტყობინება ჟურნალისტმა 17 იანვარს, “შაბათის ფორმულას” ეთერის მიმდინარეობისას მიიღო.
“პატარა ქალაქია თბილისი […] თავს გაუფრთხილდი ჯიგარო” – წერენ ქაშიაშვილს ლუკა ხაინდრავას სახელით შექმნილი გვერდიდან.
ჟურნალისტმა მიმოწერის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და შსს-ს რეაგირებისთვის პირდაპირი ეთერიდან მიმართა.
“რეპორტაჟს ეთერში გასვლიდან მალევე მივიღე შეტყობინება. იგივე გვარის არის ეს ახალგაზრდა მამაკაცი [ლუკა ხაინდრავა] – ნახავთ სქრინს პირდაპირ ეთერში. ცხადია, ამას პრევენციისთვის ვაკეთებ. მრავალი წელია რეპორტიორი ვარ, მიმიღია მსგავსი შინაარსის მესიჯები. მე მინდა, რომ ეს განცხადებაც, რასაც ახლა ეთერში ვაკეთებ, მიიღოს ოფიციალურ განცხადებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ცხადია, მსგავსი მესიჯები ჩვენს პროფესიულ საქმიანობას ვერ დააზიანებს”, – განაცხადა ქაშიაშვილმა.

რაც შეეხება რეპორტაჟს, რომელსაც უკავშირებს ჟურნალისტი აღნიშნულ მუქარას, ის შეეხებოდა “ქართული ოცნების” ღია და აქტიურ მხარდამჭერს, რეჟისორ გოგა ხაინდრავას. ტელეკომპანიას, პარტიასთან დაახლოებული პირი, კონფიდენციალურობის გარანტიით მოუყვა, როგორ შეესწრო 2017 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი მღებრიშვილის კომუნიკაციას სუფრაზე. როგორც “ფორმულას” წყარო ამბობს, “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები საუბრობდნენ ხაინდრავაზე, რომელმაც საქართველოში ფულის სანაცვლოდ შემოიყვანა ასობით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქე.
რეპორტაჟის მიხედვით, ხაინდრავას სქემა ასეთი იყო: მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიჰქონდა 100-120-კაციანი სიები და ამბობდა, რომ ფილმის გადასაღებად ქვეყანაში უნდა შემოეშვათ მის მიერ დასახელებული ადამიანები. სუს ამ სიას შსს-ს აწვდიდა და ავალებდა, რომ ინდოეთისა და პაკისტანის კონკრეტული მოქალაქეები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოეშვათ. ეს სქემა 2016-2017 წლებში მოქმედებდა და ამ პერიოდში ხაინდრავა ინდოეთისა და პაკისტანის 2000-მდე მოქალაქეს დაეხმარა საქართველოში შემოსვაში. სუს-ის უფროსი იმ დროს ვახტანგ გომელაური იყო.
“შაბათის ფორმულამ” ხაინდრავას შესახებ რეპორტაჟი რამდენიმე კვირის წინაც მოამზადა. მაშინ ტელეკომპანია მაყურებელს ხაინდრავას ქონების შესახებ უყვებოდა. ამ რეპორტაჟის შემდეგ ხაინდრავამ “ფორმულა” სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. თუმცა, როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, მათ წინააღმდეგ სარჩელი ხაინდრავას ჯერ არ შეუტანია.
“საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, სადაც ჟურნალისტთა უსაფრთხოება დაცული არ არის, სადაც ძალადობა მათ წინააღმდეგ არათუ დაგმობილი, არამედ, პირიქით, წახალისებულია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისათვის ჟურნალისტის მიმართ გაჟღერებული მუქარის ეს შემთხვევა შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ფაქტით, სწრაფად გამოიძიოს ის და, პარალელურად, ჟურნალისტის უსაფრთხოება უზრუნველყოს”, – წერის ჟურნალისტური ეთიკის განცხადებაში.








