ახალი ამბები

საპატრიარქოს უნივერსიტეტი – აჭარლებისთვის უფასოდ

9 აპრილი, 2013 • 4605
საპატრიარქოს უნივერსიტეტი – აჭარლებისთვის უფასოდ

საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი თანხიდან ყველაზე მეტი თანხა დაბა ხიჭაურში მდებარე წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს ერგო, რომელიც წელიწადში 1, 354 მილიონი ლარით ფინანსდება. უშუალოდ უნივერსიტეტი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში (ხიჭაურში) 4892 კვ/მეტრ ფართობზე განლაგებულ ექვსი სასწავლო კორპუსს ფლობს.

 

2011 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხიჭაურში საპატრიარქოს 61 776 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 17 055 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორის დეკანოზ სვიმონ (გიორგი) ჯავახიშვილის თქმით, უნივერსიტეტში ამჟამად 960 სტუდენტი სწავლობს, სწავლა უფასოა. კითხვას, ფინანსდება თუ არა უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან, პრორექტორი არ პასუხობს.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ეკატერინე გელენიძე კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სასწავლებელი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

 

„ალბათ კარგად იცით სტატისტიკა, როგორ ხდება ახალგაზრდების გადასვლა თურქეთში, როგორ ასწავლიან მათ იქ და როგორ მოდიან ისინი შემდეგ სხვანაირი მენტალიტეტით და სხვანაირი დამოკიდებულებით ასწავლიან სკოლებში. უნივერსიტეტის მნიშვნელობა არის ის, რომ არ წავიდნენ აჭარელი ახალგაზრდები თურქეთში და ისწავლონ საქართველოში. დაამთავრონ და ნამდვილი ქართული მენტალიტეტით გაიზარდონ. არა აქვს მნიშვნელობა მუსლიმი იქნება თუ ქრისტიანი, გვინდა, რომ მივცეთ საფუძვლიანი განათლება და მივცეთ ყველაფერი, რაც საჭიროა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ეკატერინე გელენიძემ.

 

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტში, რომელსაც ხშირად ხიჭაურის უნივერსიტეტად მოიხსენიებენ, სწავლა აჭარის რეგიონში მცხოვრებთათვის უფასოა, ხოლო სხვა რეგიონის მცხოვრებისთვის – ფასიანი. ასევე, უფასოდ სწავლობენ აჭარლებიც, რომლებიც ქვეყნის სხვა რეგიონებში ცხოვრობენ. უფასო განათლების მიღება შეუძლიათ დევნილებსაც.

 

„უფასო არის სწავლება ყველა აჭარელისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, მაგრამ სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებისთვის არის ფასიანი. მაგალითად, გურიიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის, თუ ისინი აჭარიდან არიან ჩასახლებულები, უფასოა, მაგრამ უშუალოდ გურული რომელიც არის, ის თანხას იხდის. ფასიანია ქუთაისიდან, ხაშურიდან, გორიდან ან ნებისმიერი სხვა რეგიონიდან ჩამოსულებისთვის. ყველასთვის რომ უფასო იყოს, აქ წამოვა ნახევარი საქართველო და ეს კონკურენციას გამოიწვევს. რისთვისაც გაიხსნა ეს და რა ფუნქციაც ენიჭება არის ის, რომ აქ ისწავლონ აჭარლებმა, მიიღონ განათლება და არ წავიდნენ თურქეთში. სულ უფასოს შემთხვევაში შეიძლება ისინი ვერ მოხვდნენ უნივერსიტეტში და ამით კონკურენცია იქნას გაწეული. ამიტომ არის დაწესებული თანხა,“ – აცხადებს ეკატერინე გელენიძე.

 

კითხვაზე, რამდენია ხიჭაურის უნივერსიტეტის წლიური ბიუჯეტი, ეკატერინე გელენიძემ უნივერსიტეტის ბუღალტერთან, ნოშრევან აბაშიძესთან გადაგვამისამართა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ვერც უნივერსიტეტის ბუღალტერისგან მიიღო. „ბათუმელები“ ორ დღეს ცდილობდა უნივერსიტეტის რექტორთან, სხალთის ეპისკოპოსთან დაკავშირებას. მეუფე სპირიდონმა ზარებს არ უპასუხა.

 

გარდა საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი 1, 354 მილიონი ლარისა, “ბათუმელების” ინფორმაციით უნივერსიტეტი სხვა დაფინანსებასაც იღებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჯამში უნივერსიტეტისთვის ყოველწლიურად 4-5 მილიონი ლარი იხარჯება.

 

უნივერსიტეტს ორი ფაკულტეტი აქვს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, ჯანდაცვისა და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამ ფაკულტეტის სტუდენტები რვა სპეციალობას ეუფლებიან, მათ შორის ჟურნალისტიკას. მარტო გასულ წელს ამ სპეციალობაზე 50 სტუდენტი მიიღეს. წელს უნივერსიტეტი 112 აბიტურიენტს მიიღებს ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.

 

2012 წელს უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 264 სტუდენტი ჩაირიცხა. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ აბიტურიენტის ცნობარში, წელს უნივერსიტეტს მიღება ორ ფაკულტეტზე აქვს. მისაღები კონტინგენტი 952 სტუდენტით არის განსაზღვრული. ცნობარში მითითებულია, რომ თითოეულ სპეციალობაზე სწავლა 2250 ლარი ღირს. დღეისათვის სახელმწიფო გრანტით უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე 26 სტუდენტი სწავლობს.

 

„100%-იანი გრანტით არის სადღაც 8 სტუდენტი, ამაში შედის მაგისტრიც და ბაკალავრიც. 30%-იანი არის – 12, დანარჩენი იყო 50%-იანი გრანტით. 70-ანი არ გვყავდა,“ – ამბობს ეკატერინე გელენიძე.

 

სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, დღეში ორჯერ იკვებებიან.

 

„9 საათიდან ათ საათამდე არის ტრაპეზი დილით. სამი ლექცია რომ დამთავრდება, ეს არის სამი საათი, კიდევ მიიღებენ ტრაპეზს,“ – ამბობს ეკატერინე გელენიძე. მისივე თქმით, ის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე ბინებში სახლობენ, საღამოსაც ტრაპეზობენ.

ხიჭაურის უნივერსიტეტის ეზოში. ფოტო უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან tbeli.ge
ხიჭაურის უნივერსიტეტის ეზოში. ფოტო უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან tbeli.ge

 

გარდა უნივერსიტეტისა, ხიჭაურში არის გიმნაზიაც, რომელიც უნივერსიტეტის მსგავსად წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობისაა. როგორც სასწავლებლის ხელმძღვანელი, მამა ევდემოზი ამბობს, გიმნაზიაში სწავლა უფასოა. იღებს თუ არა სასწავლებელი სახელმწიფოსგან დაფინანსებას? – ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

 

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ხარჯებში ნათქვამია, რომ ხულოში მოქმედი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრს გრანტის სახით 446 900 ლარს გადასცემს. ამ თანხიდან ფინანსდება გიმნაზიები ხულოსა და ხიჭაურში. ასევე საბავშვო ბაღი ხულოში. თუმცა, აღნიშნული თანხიდან რამდენია ცალკეული სასწავლებლის კუთვნილი წილი, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით.

 

სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხიდან ააიპ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი გრანტის სახით წლიურად 1, 858 მილიონ ლარს იღებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ თანხით შემდეგი სასწავლებლები ფინანსდება: მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი (ბავშვთა სახლი), ბათუმის, ჩაქვის, ქობულეთის გიმნაზიები; ბათუმის, ქობულეთის, ჩაქვის საბავშვო ბაღები; ბათუმის სასულიერო სემინარია, მართლმადიდებლური ცენტრი ქობულეთში და საზაფხულო ბანაკი, ასევე, ქობულეთში.

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა რა პროპორციით ნაწილდება სასწავლებლებს შორის საგანმანათლებლო ცენტრისთვის გამოყოფილი მილიონ 858 ათასი ლარი. ინფორმაციის მისაღებად ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრის ბუღალტერს, მარიამ ქორიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი დიმიტრი საქართველოში არ იმყოფება და 15 აპრილამდე არ დაბრუნდება. ამ ინფორმაციის გაცემა კი მხოლოდ მისი თანხმობითაა შესაძლებელი.

 

„ბათუმელები“ ასევე დაინტერესდა, გარდა საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი თანხისა, რა ოდენობის თანხით ფინანსდება ეპარქიაში მოქმედი სასულიერო სასწავლებლები. აღმოჩნდა, რომ სასწავლებელთა ნაწილში განათლების მიღება უფასოა, ნაწილში კი – ფასიანი.

 

ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში 1368 მოსწავლე სწავლობს. სასწავლებელი ფასიანია. სწავლის საფასური ერთ მოსწავლეზე წელიწადში 400 ლარია. შეღავათები ვრცელდება და-ძმებზე, დევნილებზე, ობლებზე, მარჩენალდაკარგულებზე. გარდა მოსწავლეთა მიერ გადახდილი სწავლის საფასურისა, გიმნაზია ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრიდანაც ფინანსდება. სკოლა იღებს სახელმწიფოს მიერ ერთ მოსწავლეზე გამოყოფილ სასკოლო ვაუჩერსაც. „ბათუმელებმა” გიმნაზიის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მის ხელმძღვანელს დეკანოზ დიმიტრი სარჯველაძეს მიმართა.

 

„ეს ინტერესი რომ არის, კარგია, მაგრამ ეს ინტერესი დაკმაყოფილებულია, ზოგადად, ამ ჩამონათვალით, რომელიც გამოქვეყნდა. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ მიმართეთ ეპარქიას, ბუღალტერსაც ესაუბრეთ. რომელმაც აგიხსნათ და გითხრათ: მეუფის გარეშე ვერ მიიღებთ ამ ინფორმაციას,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ დეკანოზმა დიმიტრი სარჯველაძემ.

 

საბავშვო ბაღები

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ბათუმში, ჩაქვსა და ქობულეთში რამდენიმე საბავშვო ბაღი აქვს. ეს ბაღებიც, მსგავსად გიმნაზიებისა, ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრიდან ფინანსდება. ბაღში სწავლა ფასიანია. ბათუმის წმინდა ილია მართლის საბავშვო ბაღში 370 ბავშვი 13 ჯგუფში სწავლობს. ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება თვეში 110 ლარია. ამასთან ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრიდან ბაღი ყოველთვიურად 10 ათას ლარს იღებს, ზაფხულის თვეების გარდა. საბავშვო ბაღს 70 თანამშრომელი ჰყავს. ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ბაღის შენობა საპატრიარქოს სახელმწიფომ გადასცა.

 

ფასიანია სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრთან არსებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის საბავშვო ბაღიც. იქ 205 ბავშვი სწავლობს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სწავლის თანხას საპატრიარქო ფარავს. სხვა ბავშვებისთვის სწავლა ფასიანია და თვეში 100 ლარი ღირს.

 

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საკუთრივ ბათუმში ააიპ სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 100 000 ლარია. „ბათუმელები“ ცდილობდა გაერკვია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის საბავშვო ბაღი დაფინანსებას ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისთვის გამოყოფილი 1 მლნ 858 ლარიდან იღებდა თუ რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის გამოყოფილი თანხიდან. თუმცა “ბათუმელებმა” ამ ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.

 

გარდა ცენტრალიზებული თანხისა, საპატრიარქოს ბაღები დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც იღებენ. ასე, მაგალითად, 2009 წლის იანვარში ბათუმის მერიამ ბაღების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 2 მლნ 809 ათასი ლარი გამოყო. ამ თანხით ბათუმის მე-3, მე-4, მე-10 და საპატრიარქოს ბაღები გარემონტდა.

 

გარდა ზემოჩამოთვლილი დაწესებულებებისა, საპატრიარქოს მიერ ეპარქიაში ორი დაწესებულება ფინანსდება. ბათუმში მდებარე სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისთვის გადასაცემი გრანტი 100 000 ლარს შეადგენს, საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის (მოხუცთა თავშესაფრისთვის) გადასაცემი გრანტი – 260 800 ლარს.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლე სწავლობს. მათგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 – ბავშვთა სახლებში, 130 კი – მოხუცებულთა თავშესაფარში. ამათ ჯგუფებს 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთაგან 1364 პედაგოგია.

 

დეკლარირებული 25 მილიონის გარდა, ეხმარება თუ არა დამატებით სახელმწიფო საპატრიარქოს და თუ კი – რამდენით ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონზე მეტი, 10 401 087 ლარი გამოუყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი