ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს გაასაჩივრებენ

10 ივლისი, 2017 • 1881
ადვოკატის თქმით, ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს გაასაჩივრებენ

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები ამბობენ, რომ ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამ პერიოდში კი მისი ექსტრადირების პროცესი სასამართლო წარმოების პერიოდში შეჩერებული იქნება.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, მათ გასაჩივრების ერთთვიანი ვადა აქვთ, რომელიც 7 აგვისტოს იწურება.

დღეს, 10 ივნისს, გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ ჩაიდინა უკანონობა. ადვოკატის თქმით, სამინისტროში წარდგენილი მოთხოვნა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე თავიანთ მოსაზრებებზე დაყრდნობით კი არ წარადგინეს, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების გათვალისწინებით, რომლებიც თურქეთში პატიმრების წამებას შეეხებოდა.

ბარათაშვილი ამბობს, რომ მიმართავენ საქართველოს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, რომ გახდნენ ამ საქმეში სასამართლოს მეგობარი, რათა ნათელი მოეფინოს იმას, რომ დევნილთა სამინისტროს მიერ მოხმობილი არგუმენტები არ შეესაბამება სიმართლეს.

ბარათაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩაბუქი  საქართველოს სასამართლოების გზით ვერ მიიღებს ლტოლვილის სტატუსს, შემდეგ პროკურატურის მიერ საექსტრადიციო პროცედურები განახლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფლებამოსილი იქნებიან შეიტანონ სასამართლოში მოთხოვნა, რათა ნება დართონ იუსტიციის მინისტრს, გასცეს განკარგულება ჩაბუქის ექსტრადირების თაობაზე.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირების საკითხზე არ საჩივრდება, თუმცა შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის მინისტრს მისცემენ უფლებას, გასცეს განკარგულება ექსტრადირების თაობაზე.

ბარათაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრის გადაწყვეტილება შეიძლება ერთ საათში განხორციელდეს, ისინი ექსტრადირების საკითხს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილების გამოცხადებისთანავე მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს.

“როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო არ არის ჯერ გაძლიერებული, რომ დასაბუთებული პასუხი გასცეს ამგვარ უკანონო მოთხოვნებს”, – ამბობს სოსო ბარათაშვილი.

ბარათაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურიდან გადაეცათ წერილები, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პროკურატურას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს უცხოეთიდან მიმართა 3900-ე მეტმა ადამიანმა იმის თაობაზე, რომ ჩაბუქის ექსტრადირება არ მოხდეს. წერილების ავტორები არიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტის წარმომადგენლები.

სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ იგი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს, რომ შეხვდნენ და აუხსნას მათ, რა მოელის მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა თუბა ჩაბუქმა განაცხადა, რომ მისი ქმრის ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე ელის არა მარტო მუსტაფას ემრე ჩაბუქს, არამედ მის მცირეწლოვან შვილებსაც, რადგან ისინი იძულებული იქნებიან, რომ მარტო არ დატოვონ მუსტაფა ჩაბუქი და თურქეთში წავიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი