ახალი ამბები

ასურელები საქართველოში ახალ წელს ზეიმობენ [VIDEO]

1 აპრილი, 2013 • 4307
ასურელები საქართველოში ახალ წელს ზეიმობენ [VIDEO]

თავად ასურელები “ხაბ-ნისანის” დღესასწაულს უძველეს ტრადიციას უწოდებენ, რომელიც რამდენიმე ათასწლეულს ითვლის.  წელს ასურელებისთვის ახალი, 6763 წელი დადგა.

 

ძველ მესოპოტამიაში ახალი წელი გაზაფხულის ბუნიობისას, ნისანის თვეში დგებოდა, რომელიც გრიგორიანული კალენდრის მიხედვით მარტი და აპრილია.

 

“ეს არის გაზაფხულის მოსვლისა და ბუნების გამოცოცხლების დღესასწაული, რომელიც დაკავშირებული იყო მინდვრის სამუშაოების დაწყებასთან,”- ამბობს ეკატერინა ვიტკაში.

 

მესოპოტამიაში ძირითადად სასოფლო- სამეურნეო კულტურა ქერი იყო. სწორედ მისი თესვით იწყებოდა ახალი წელი. ამ დღესასწაულს შუმერები “აკიტუ შანუნუმს” (ქერის დათესვის დღესასწაულს) უწოდებდნენ.

 

დღესასწაულის აღნიშვნა, რომელიც ასურელებისთვის დღეს დაიწყო, 12 დღე გრძელდება. ამ დღეების განმავლობაში, ტრადიციისამებრ, ხალხი ერთობოდა, ცეკვავდა, მსხვერპლს სწირავდა. საზეიმო პროცესები ეკლესიებშიც მიმდინარეობდა. ასურელებისთვის ახალ წელს ასეთი ტრადიციაც იყო. ქვეყნის მეფე დროებით ტოვებდა ტახსტს და მის ადგილზე გადაცმულ მასხარას სვამდნენ.

 

1 საუკუნეში, ასურელების მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგ ამ დღესასწაულმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ნელ-ნელა დღესასწაულს ივიწყებდნენ. შემდეგ ქრისტიან ასურელებში ის აღდგომამ ჩაანცვლა, რომელიც დაახლოებით იგივე დროს აღინიშნებოდა. თუმცა, ძველი, გარკვეული ტრადიციებით დღემდე არის შენარჩუნებული.

 

დღესასწაული ოფიციალურად 1968 წელს მსოფლიო ასურულ კონგრესის პირველ სხდომაზე აღადგინეს. შექმნეს ეროვნული კალენდარი, რომელიც დაეფუძნა უძველეს წელთაღრიცხვას. დღესასწაული “ხაბ-ნისანის” სახელწოდებით აღდგა და მას შემდეგ 1 აპრილს აღინიშნება.  წელს ასურელებისთვის ახალი, 6763 წელი დადგა.

 

ასურელები ამბობენ, რომ მას არანაირი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია და მხოლოდ ასურელთა ერთიანობისა და აღორძინების დღესასწაულს ნიშნავს.

 

გარდაბნის გარდა, საქართველოში ასურელთა კომპაქტური ჩასახლებები თბილისში, მცხეთის რაიონში და დასავლეთ საქართველოშიც არსებობს. დღესდღეობით ქვეყანაში სულ 3000-მდე ასურელი ცხოვრობს.

 

“ბედნიერება გვხვდა წილად და წელიწადში ორჯერ აღვნიშნავთ ახალ წელს,”- ამბობს ეკატერინა ვიტკაში, რომელიც დღეს გარდაბანში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა.

 

ღონისძიება, რომელიც დაახლოებით 2- საათიან საკონცერტო პროგრამასა და ბანკეტს მოიცავდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა.

 

ოფიციალური პირებიდან ღონისძიებას პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო  მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, და თამარ კინწურაშვილი, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ესწრებოდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი