ახალი ამბები

შრომის უსაფრთხოება საქართველოს ერთი–ერთი მთავარი პრობლემაა!

22 მარტი, 2013 •
შრომის უსაფრთხოება  საქართველოს ერთი–ერთი მთავარი პრობლემაა!

სადაც ადამიანები მუშაობენ, იქ ყოველთვის არსებობს შრომის უსაფრთხოების პრობლემაც. ეს პრობლემა არსებობდა საუკუნეების წინ და არსებობს დღესაც. განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ყველა დამსაქმებელი ცდილობს  (წესით, უნდა ცდილობდეს), რომ თავისი დასაქმებულები ჰყავდეს ჯანმრთელები და კმაყოფილები. თუმცა ამას ზოგი ახორციელებს უფრო მეტი, ზოგი კი უფრო ნაკლები პასუხისმგებლობით. შრომის უსაფრთხოება და შრომასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები რომ იყოს მოგვარებული, ამისათვის ცივილიზებული ქვეყნები ნორმატიულ ბაზას ქმნიან, რათა ეს საკითხები მინდობილი არ იყოს ინდივიდუალურად სხვადასხვა დამსაქმებლის კეთილ ნებაზე და მათ შეხედულებებზე.

 

საქართველოში არიან დამსაქმებლები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუკი დასაქმებულს თავზე დამცავი ჩაფხუტი დაახურეს და უნიფორმა ჩააცვეს – ამით შრომის უსაფრთხოების პრობლემები გადაჭრეს. ეს, რასაკვირველია, არ არის სწორი. დამსაქმებლები ხშირად არ ითვალისწინებენ გარემო პირობებს, საველე პირობებში მუშაობის სირთულეს და სხვა… ამისათვის ყველა ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ეს კანონმდებლობა დეტალურად არეგულირებს მსგავს საკითხებს. შრომის უსაფრთხეობა ისეთი საკითხია, რომელიც ამომწურავად უნდა იყოს კანონით დარეგულირებული. საქართველოში კი ხდება ის, რომ არათუ ამომწურავად, საერთოდ არ არის შრომის უსაფრთხოების საკითხები საკანონმდებლო კუთხით დარეგულირებული. დამსაქმებლები ამ საკითხს ან საკუთარი შეხედულებისამებრ უდგებიან, ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას.

 

იმის გამო, რომ შრომის უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება ფინანსურად თითქმის ყველა ტიპის საწარმოში მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული (შესაძენია სათანადო ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები. საჭიროა მონიტორინგის შესაბამისი პერსონალი), ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ბიზნესის წარმოების ხარჯებზე აისახება. სწორედ ამიტომ, საქართველოს წინა ხელისუფლების დროს დამსაქმებელთა მიდგომა მაქსიმალურად ნაკლებ დანახარჯებს გულისხმობდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დანახარჯების შემცირებით ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგებოდა საფრთხის ქვეშ.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ბაზა ისე შეცვალა, რომ დასაქმებულებსა და პროფკავშირს პრაქტიკულად აღარ დაუტოვა არანაირი ბერკეტი იმ ბიზნესმენების გასაკონტროლებლად, რომლებიც შრომის უსაფრთხოებას საერთოდ არ იცავდნენ. თუკი უბედური შემთხვევა ხდებოდა და დასაქმებული კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოში ჩივილს გაბედავდა, სასამართლოშიც ის ადამიანები ხვდებოდნენ, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებლის მხარეს იჭერდნენ. გამოდიოდა ისე, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზარალებული ადამიანი სრულიად უუფლებო იყო და მას საწარმოების ადმინისტრაცია და სახელმწიფო ერთად უპირისპირდებოდა. ეს მაშინ, როდესაც დამსქმებულების ინტერესი ყოველთვის შესაბამისობაში მოდის ქვეყნის ინტერესებთან.

 

დამსაქმებელს და ზოგადად ბიზნესს სჭირდება ჯანმრთელი და კვალიფიციური მუშახელი. ჯანმრთელი მუშახელი კი ვერ იქნება, თუკი ადამიანებს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო არ ექნებათ. როდესაც დასაქმებული სახიჩრდება და უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება, ის გარდა ოჯახისა და ახლობლებისა, აკლდება შრომის ბაზარსაც და ამის გამო შრომის ბაზარზე აქტიური შრომის ძალისა და პროფესიონალების რიცხვი მცირდება. ამას გარდა, დასახიჩრებული ადამიანი შემდგომი მისი მთელი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს შესანახი ხდება. რეალურად გამოდის ისე, რომ იმის ნაცვლად, ადამიანს საშემოსავლო გადასახადის სახით შეეტანა ფული სახელმწიფოს სალაროში, სახელმწიფოსა და დამსაქმებლების არაგონივრული ნაბიჯების გამო ბიუჯეტი კონტრიბუტორიდან ეკონომიკურად მთლიანად სახელმწიფოზე დამოკიდებული და სოციალური შემწეობის ბენეფიციარი ხდება.

 

წინა ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად არაგონივრული და არასამართლიანი გათვლა იყო ის, რომ შრომის უსაფრთხოებაზე დამსაქმებლებს „ფულის დაზოგვაში“ შეუწყვეს ხელი. მეტიც – ეს იყო დანაშაულებრივი მოპყრობა საკუთარი ხალხისა და შრომითი რესურსების მიმართ.

 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ მხარდაჭერით, 2007 წლიდან მოყოლებული შეისწავლა შრომის უსაფრთხოების საკითხი და სათანადო სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოიძია. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მეტი საწარმოო შემთხვევა 2010 წელს დაფიქსირდა. აღნიშნულ წელს სამუშაო ადგილებზე 81 ადამიანი გარდაიცვალა, 168 დასაქმებული კი მძიმედ დაშავდა. ამ კუთხით განსაკუთრებულად დადებით ძვრებს არც შემდეგ წლებში ჰქონია ადგილი. თუმცა 2010 წელი შრომის უსაფრთხოების კუთხით უდავოდ განსაკუთრებით მძიმე იყო. თანდართულ ცხრილში წარმოდგენილია ბოლო 6 წლის მონაცემები და მკითხველი ალბათ უფრო კარგად მიხვდება იმ მძიმე მდგომარეობას, რაც საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებობს.

 

საქართველოში არსებულ მოქმედ ორგანიზაციებში (საწარმოებში) სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევები:

წლები

  გარდაიცვალა

   მძიმედ დაშავდა

2007

       33

         25

2008

       38

         34

2009

       41

         56

2010

       81

         168

2011

       21

         53

2012

       29

         136


 

საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან, საწარმოო ტრავმებთან, პროფესიულ დაავადებებთან, უმუშევრობასთან და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სტატისტიკას მსგავს საკითხზე, სამწუხაროდ, არც ერთი ორიენტირებული სამთავრობო სტრუქტურა არ ფლობს. ამიტომ საქართველოს პროფკავშირს საკუთარი მონაცემთა ბაზის შედგენა დასჭირდა. საკითხზე მუშაობის დროს დადგინდა მნიშვნელოვანი ტენდენციები, რამაც თვალსაჩინო გახადა ზრდა როგორც დასაქმებულთა დასახიჩრების, ასევე სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების მხრივ. პროფკავშირი ასევე დაეყრდნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს. როდესაც ადამიანი სამუშაო ადგილზე დაიღუპება, ანდა მძიმე ტრავმას იღებს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება გამოძიება და შესაბამისად (რაკი გამოძიება უშუალოდ შსს–ს პრეროგატივაა), გარკვეული სტატისტიკური მაჩვენებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო მეტი აქვს, ვიდრე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს. მდგომარეობას კიდევ უფრო სავალალოს ხდის ისიც, რომ ქვეყანაში ძალიან მცირე რაოდენობის ქარხანა, ფაბრიკა და საწარმო მოქმედებს.

 

„2008 წლიდან დღემდე აღრიცხული არ არის პროფდაავადებების არც ერთი  შემთხვევა, რადგან 2008 წლიდან პროფდაავადებებზე სახელმწიფო პენსიები უკვე აღარ გაიცემა. პროფესიული დაავადებები შეუძლებელია გამოიკვლიოს რომელიმე პროფკავშირულმა დარგმა. ამ საქმეს სჭირდება რეგულარული შესწავლა, ზედამხედველობა, ექიმის გამოკვლევა, კომპეტენტური კომისიის დასკვნა და სხვა… ამ მონაცემებს ვერავინ მოიპოვებს, თუკი სპეციალური სამედიცინო კომისია სახელმწიფომ არ შექმნა. ჩვენი კვლევებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. ამის გამო დღეს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სავალალო სიტუაციაა.

 

ახალ ხელისუფლებას ეს პრობლემები მოსვლისთანავე დახვდა. ახალი ხელისუფლება ბოლო თვეების მანძილზე, რასაკვირველია, ფიზიკურად ვერ მოასწრებდა ყველა პრობლემის მოგვარებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებას ცდილობს.  უკვე შეიქმნა შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი, სადაც არის ქვეუწყებები, რომლებიც სოციალურ დიალოგს, შრომის მიგრაციასა და დასაქმების საკითხებს კურირებენ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ხანში შრომის უსაფრთხოების კუთხით გადაიდგმება ნაბიჯები როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური თვალსაზრისით“ – ამბობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გოჩა ალექსანდრია.

 

საქართველოში შრომის უსაფრთხოების პრობლემას ემატება ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე წლებია აღარ ფუნქციონირებს შრომის ინსპექცია. წინა ხელისუფლების დროს შრომის ინსპექციის აღდგენა იყო ერთგვარი „თემა საფრთხობელა.“ მოდიოდა დემაგოგიის ნიაღვარი შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შრომის ინსპექცია იყო კორუმპირებული სტრუქტურა და მისი ხელახლა ამოქმედება კორუფციის ხელშეწყობას ნიშნავდა. საქართველოს პროფკავშირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მარტივია: თუკი ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაბალრეიტინგიანი და ყველაზე კორუფციული ორგანოს – პოლიციის რეფორმირება მოხერხდა, რატომ არ შეიძლებოდა შრომის ინსპექციის სტრუქტურის რეფორმირება?! მით უმეტეს, რომ ამ ორგანოს საჭიროება აშკარაა და ევროკაშირი და ამერიკის მთავრობაც თავისი რეკომენდაციებით შრომის ინსპექციის აღდგენაზე ყურადღებას ყოველთვის ამახვილებდა.

 

დღეს მოქმედ შრომის კოდექსში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ პარაგრაფშია საუბარი. საქართველოს პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ შრომის უსაფრთხოების თემა კოდექსში მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს  და შემდეგ ამას უნდა მოჰყვებოდეს სხვა შემავსებელი ნორმატიული ბაზა, რომელიც დამსაქმებელს კონკრეტულად განუმარტავს, თუ მან რა უნდა გააკეთოს შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სხვა შემთხვევაში, დამსაქმებელი უბრალოდ პასუხისმგებლობას აირიდებს თავიდან, რისი მაგალითებიც ბოლო წლებში არაერთხელ გვინახავს.

 

შრომის უფლებები
შრომის უფლებები

მასალების გადაბეჭდვის წესი