საპარლამენტო უმრავლესობისა და “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის აზრით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკის გატარებას უკრძალავს. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კოსნტიტუციის პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.
ბექა ნაცვლიშვილის აზრით, ქვეყნის საგარეო კურსის კონსტიტუციით განსაზღვრა კონსტიტუციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, კონსტიტუციის პრინციპს ასევე ეწინააღმდეგება 94-ე მუხლის არსებობა.
კერძოდ, კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება 94-ე მუხლს, კონსტიტუციის გარდამავალი დებულების თანახმად, მისი ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
“ჩვენ 94-ე მუხლის ამოღებას არა მარტო იმიტომ ვითხოვდით, რომ ეს ეკონომიკურად დაუსაბუთებელია, არამედ კონსტიტუციის სულისკვეთებას, როგორც დოკუმენტს, ეწინააღმდეგება. შეიძლება მოვიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, არ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ მოიპოვოს კანონშემოქმედებითი უმრავლესობა და რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ გადასახადების გაზრდა არ შეიძლება, იმიტომ ვერ განახორციელოს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკის განხორციელებაც უნდა. დაახლოებით იგივეა, რომ გაიმარჯვოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ან ნეიტრალიტეტი უნდა, ან ნებისმიერი ფორმა უნდა საგარეო პოლიტიკის განხორციელების. როგორ უნდა განახორციელოს ეს პოლიტიკა, თუ ამას ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერთ? ვინმე უბადრუკი ოპოზიციის წარმომადგენელი თუ იტყვის, რომ მე რაღაც პრორუსული განწყობებით გამოვირჩევი, მე მგონი, არავინ არ იტყვის. შეიძლება ეს დამაბრალონ, მაგრამ ამაზე არ არის. წმინდა კონსტიტუციის პრინციპს როგორ შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსი ავუსახოთ, ე.ი. ვრიცხავთ ყველა იმ პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, რომელიც ამ პრინციპს არ ექვემდებარება და არ უჭერს მხარს. რამდენად დემოკრატიულია ეს?” – მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 94-ე მუხლის გაუქმების თაობაზე გარდამავალ დებულებებში წერია:
“საუბარია კონსტიტუციურ ორგანოებზე და არა პარტიებზე. პარტიებს შეუძლიათ ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრებები. არის ქვეყენები, სადაც პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტი აირჩიეს. საქართველოში იგივე რომ მოხდეს, მისი ორინტაცია შეიძლება თუნდაც იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს,” – აღნიშნა კობახიძემ.
23 ივნისს კონსტიტუციის ახალი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით, 115 ხმით მიიღო. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების ფრაქციები. “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციაში ამ პარტიის წევრი სამი დეპუტატია: ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი და კობა ნარჩემაშვილი. თუ ისინი კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, კონსტიტუცია ჩავარდება.