ახალი ამბები

კობახიძე: გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს

20 ივნისი, 2017 • 3220
კობახიძე: გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს

პარლამენტის თავმჯდომარე გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა კიდევ ერთხელ მოიპოვოს. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევის პირობებში ეს ვერ მოხდება:

“ჩვენი პოზიციები 2020 წლის არჩევნებშიც იქნება ძალიან მყარი, არანაკლებ მყარი, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში, მაგრამ  გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ. ბარიერის დაწევა უზრუნველყოფს ოპოზიციის უფრო ფართო წარმომადგენლობას პარლამენტში და ამის ხარჯზე შემცირდება ხელისუფლების დეპუტატების რაოდენობა. გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთხელ 116 დეპუტატით შევიდეთ პარლამენტში, ” – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, საარჩევნო ბლოკის სისტემაზე მმართველი გუნდის პოზიცია პრინციპულია და ბლოკების სისტემა 2020 წელსვე გაუქმდება.

ხვალ, 21 ივნისს, 13:00 საათზე ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში რიგგარეშე სხდომა გაიხსნება. საპარლამენტო უმრავლესობას სურს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი მიმდინარე კვირაში ორი მოსმენით მიიღოს.

20 ივნისს “ქართულ ოცნებაში” გამართული კონსულტაციების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება, ხოლო საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტზე ჩამოვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხელისუფლება 2024 წლიდან გეგმავს.

ბონუსის სისტემა სამ პრინციპს მოიცავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 38-დან 44 პროცენტამდე მიიღო:

  • ზედა ზღვარი –  პირველ ადგილზე გასულ პარტიას ბონუსის გამოყენებით მანდატების რაოდენობა მაქსიმუმ 89 მანდატამდე შეევსება.
  • ფარდობითი ზღვარი – პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით დამატებით  ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნბში დაფიქსირებული შედეგით  მოპოვებული მანდატების 35 პროცენტზე მეტს. დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე.
  • აბსოლუტური ზღვარი – პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსს ისეთ შემთხვევაში მიიღებს, თუ არჩევნებში მიღებული მანდატების რაოდენობით უბრალო უმრავლესობას ვერ აყალიბებს. ასეთ შემთხვევაში მას მანდატების რაოდენობა 76 მანდატამდე შეევსება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი