ახალი ამბები

კუბლაშვილი: შენიშვნებია იმ პუნქტებზე, რომლებიც სამართლებრივ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

16 მარტი, 2013 • • 984
კუბლაშვილი: შენიშვნებია იმ პუნქტებზე, რომლებიც სამართლებრივ უსაფრთხოებას  საფრთხეს უქმნის

კანონპროექტს უშუალოდ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე წარადგენს.  პრეზენტაციას ესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის  მუდმივი წარომადგენელი  ჯეიმი მაკგოლდრიკი.

 

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან  მცირე კომენტარი გააკეთა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეებთან ერთად ისაუბრებენ, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის სასამართლო შეცდომები,  რომლებც წარსულში 9 წლის განმავლობაში იქნა ჩადენილი არა მხოლოდ მათი ბრალით, არამედ პროკურორების უკნონო ქმედებების გამო.

 

„ამისათვის ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შევქმნათ ხარვეზების დამდგენი კომისია და მე მათთან ერთად მინდა განვიხილო ეს კანონპროექტი“ – განაცხადა წულუკიანმა

 

მედიისთვის შეხვედრის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო ღია, რომლის ფარგლებშიც შესავალი სიტვა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა კონსტანტინე კუბლაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  წარმოთქვეს.

 

კონსტანინე კუბლაშვილის განცხადებით,  მათ აქვთ გარკვეული შენიშვნები, რომლებიც  უკვე ოფიციალურად გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს ერთი კვირის წინ და  იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა შენიშვნებიდან გამომდინარე შედგება:

 

„ეს შენიშვნები მართლაც არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი, რადგან თავისთავად ისეთი პროექტია წარმოდგენილი, რომელიც პირველად ხორციელდება საქართველოს სამართლებრივ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოცდილება სულ რამდენიმე ქვეყანაში არსებობს, ბუნებრივია, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს ამ ყველაფრის მიღებასთან ერთად.  აღინიშნა, რომ ძალიან დიდი ხანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება მიმდინარეობს  და კონკრეტულად ამ სისტემაში სასამართლო ხელისუფლება ახორციელებს 2005 წლიდან რეფორმას, რომელმაც მოიტანა ის შედეგები, რაც გვაქვს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს სისტემის შესახებ ნებისმიერი გამოკითხვა, სულ ახლახან ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ მაღალია ნდობა სასამათლოს მიმართ.  აღინიშნა ისიც, რომ გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული, მაგრამ ეს ყოველთვის და ყველგან ხდება. რადგან ყველგან ხდება, არსებობს ამ შეცდომების გამოსწორების სამართლებრივი გზები და ეს სამართლებრივი გზები ჩამოყალიბებულია თითოეული ქვეყნის კანონმდებლობაში, ეს გაკეთებულია ჩვენთანაც. ეს შეცდომები თუ გვინდა, რომ გამოსწორდეს,  უნდა გამოსწორდეს  სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით“. – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმითვე, წარსული შეცდომები არ უნდა გამოსწორდეს ისეთი გზით, რომელიც იმთავითვე შეცდომა იქნება:

 

„ჩვენი შენიშვნები მიმართულია იმ ძირითად პუნქტებზე, რომელიც სამართლებრივი სტაბილურბის, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ–ერთი ძირითადი პრინციპის, სამართლებრივ უსაფრთხოებას ძალიან დიდი  საფრთხეს უქმნის. დისკუსიის ფარგლებში წარმოგიდგენთ კონკრეტულად შენიშვნებს. რომლებიც აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იქნას. ერთ–ერთი ასეთი შენიშვნაა, რომ თუკი საბოლოო მოდელზე ჩამოვყალიბდებით, კომისიის შექმნაზე,  ასეთი კომისიის დასკვნა და შემდგომ სასამართლოში განხილვა, თან მე ვგულისხმობ ამჟამინდელ სასამართლოს და არა გარკვეული ახალი პალატის შექმნას, შემდეგ  ეს არ უნდა აისახოს მოსამართლეთა მიმართ გარკვეულ სადისციპლინო  თუ სხვა გადაწყვეტილებებზე.  ანუ არავითარ  შემთხვევაში არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ მოსამართლემ რომ ეს გადაწყვეტილება  მიიღო, ჩვენ რომ გადავსინჯეთ ვიღაცებმა კომისიაში, ძალიან ღრმად განათლებულმა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ის არ იყო სწორი, შემდეგ სასამართლომაც იგივე შეიძლება გააკეთოს და შემდეგ არ უნდა დადგეს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური წესით საქმის განხილვის საკითხი“– განაცხადა კუბლაშვილმა.

 

შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ბოლო მოხსენება საღამოს 6 საათზეა დაგეგმილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი