ვენეციის კომისიამ თავისი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს, 11 მარტს, გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის ექსპერტები თავიანთ მოსაზრებაში დეტალურად აღწერენ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. კომისიამ დოკუმენტში საბოლოო შესწორებები 9 მარტს ვენეციაში, 94–ე პლენარულ სესიაზე შეიტანა.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონის მთავარი გაუმჯობესება გამოიხატება შემდეგ პუნქტებში:
1.პრეზიდნტი ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია თავად მოსამართლეებისგან.
3. საბჭოს 6 წევრს აირჩევს პარლამენტი, მაგრამ ისინი არ იქნებიან პოლიტიკოსები, როგორც ეს ამჟამად არის. აღნიშნული კანდიდატები უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორები, ასევე, იმ არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამართლის განხრით მუშაობენ.
4. ცვლილებების შემდეგ დაინერგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ფარული კენჭისყრით არჩევის წესი.
აღნიშნული დადებითი შეფასების გარდა ვენეციის კომისია ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ საბჭოს არჩევნებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში, უნდა ჰქონდეთ საბჭოს წევრობის შესაძლებლობა. ვენეციის კომისის დასკვნით, შესაძლოა, კანონმა დააწესოს შეზღუდვები, თუ რამდენი თავმჯდომარე შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასევე, ვენეციის კომისიის ექსპერტებს დასაშვებად მიაჩნიათ მოთხოვნა, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებსა და მის მოადგილეებს მოუწიოთ თანამდებობის დატოვება, თუკი მათ აირჩევენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა უნდა მოხდეს ორი მესამედით, ან რომელიმე სხვა პროპორციული მეთოდით, თუმცა უნდა იყოს გათავლისწინებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის მექანიზმი.
ვენეციის კომისიის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტიდან ამოიღოს ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა.
ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსაზრებით, სამომავლოდ შესაძლოა განხილულ იქნეს გარდამავალი დებულების მიღება, რომელიც იუსტიციის საბჭოს არსებულ შემადგენლობას დააახლოებს სამომავლოდ მისი დაკომპლექტების წესთან. მაგალითად, სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეები, რომლებიც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გადადგნენ თავმჯდომარეობიდან, რათა შეძლოს საბჭოს წევრობის შენარჩუნება, ასევე, გადაიხედოს ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მოსამართლეთა კონფერენციის ნაცვლად მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა.
ვენეციის კომისია გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნას.