სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა “ბირჟა მაფიის” წევრი გიორგი ქებურია წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარის ოდენობით გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას პასპორტი ჩამოართვეს.
ბირჟა მაფიის მეორე წევრი მიშკა მგალობლიშვილიც გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ.
პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს “ფეისბუკზე” სოლიდარობა გამოუცხადა სტატუსით “თქვენთან ვარ ბიჭებო!”
ასევე გაავრცელეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოლოპიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.
ბერას, კალაძისა და კვირიკაშვილის დუმილი მას შემდეგ დაირღვა, რაც 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა მასშტაბური აქცია რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.
საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავება დაუკავშირეს რეპერების მიერ გადაღებულ კლიპს “TSL შავი ზედა”, სადაც გაშარჟებულია პოლიცია, რომლის წაშლა, სავარაუდოდ, მოსთხოვეს. მიშკა მგალობლიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ, იყო თუ არა კლიპის ავტორი. რეპერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ცენზურის ნიშნებად შეაფასეს.
შსს-ს ცნობით, ბირჟა მაფიის ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა.