ახალი ამბები

Young Mic: სირცხვილი მათ, ვინც ამ ამბის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა

12 ივნისი, 2017 • 4477
Young Mic: სირცხვილი მათ, ვინც ამ ამბის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა

მოსამართლემ “Birja Mafia-ს” წევრი მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გირაოს თანხა 50 000 ლარია. სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას თანადგომისათვის და თქვა, რომ “სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება”:

“პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, ჩემს ფანებს, ჩემს კოლეგებს, ვინც გვერდში მედგა, და აბროლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას,” – განაცხადა რეპერმა.

ჯერჯერობით წინასწარ პატიმრობაში რჩება “ბირჟა მაფიის” მეორე წევრი გიორგი ქებურია, რომლის სასამართლო დღეს, 15 საათზეა დანიშნული.


პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრის შვილმა, რეპერმა ბერამ სოციალურ ქსელზე სოლიდარობა გამოუცხადა დაკავებულებს სტატუსით “თქვენთან ვარ ბიჭებო!” ასევე გაავრცელეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოლოპიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

ბერას, კალაძისა და კვირიკაშვილის დუმილი მას შემდეგ დაირღვა, რაც 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა.

საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავება დაუკავშირეს რეპერების მიერ გადაღებულ კლიპს, სადაც გაშარჟებულია პოლიცია, რომლის წაშლა, სავარაუდოდ, მოსთხოვეს. მიშკა მგალობლიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ, იყო თუ არა კლიპის ავტორი, რომელიც ბირჟა მაფიამ გადაიღო, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. რეპერმა თავისი დაკავება კლიპს დაუკავშირა. იგი და გიორგი ქებურია არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას.

შსს-ს ცნობით, ბირჟა მაფიის ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი