ახალი ამბები

არასამთავრობოები ვენეციის კომისიის დასკვნაზე

11 მარტი, 2013 • 960
არასამთავრობოები ვენეციის კომისიის დასკვნაზე

არასამთავრობოების წარმომადგენლები დღეს, 11 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებებს ეთანხმებიან.

 

“მართალია, ვენეციის კომისიის დასკვნის ოფიციალური ვერსია ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტის ძირითადი არსი და სულისკვეთება მოწონებულია, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის დიდი ნაწილი ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს  ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემების შესწავლის შედეგად დაუგროვდათ. ამ რეკომენდაციების კანონად ქცევის შემთხვევაში გაიზრდება ინდივიდუალური მოსამართლის როლი; ჟურნალისტებს ექნებათ მათთვის საინტერესო სასამართლო პროცესების ტრანსლაციის შესაძლებლობა; მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციის მიმართულებით, რადგან არც პრეზიდენტს ექნება წევრების დანიშვნის უფლება  და არც დეპუტატებს ექნებათ  შესაძლებლობა გახდნენ საბჭოს წევრები; გაიზრდება მოსამართლეთა თვითმმართველობის როლი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება, დაასახელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები – ეს უფლება ექნება თითოეულ მოსამართლეს და მოსამართლეთა კონფერენცია ფარული კენჭისყრით აირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს და ა.შ,”- განთქვამია იმ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც არასამთავრობოები აქვეყნებენ.

 

“ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა გავუსვა ხაზი, ეს საკითხი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის არის გამოყნებული, თუმცა არც ერთი მხარის პოზიცია სრულად არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის დასკვნაში. სავარაუდოდ, ეს იქნება შუალედური ვარიანტი. მნიშნველოვანია, რომ მხარეები საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ და უმტკვინეულოდ გატარდეს ეს რეფორმა. ეს მართლმსაჯულების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს,”- ამბობს ეკა გიგაური, “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. 

 

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის პოზიციების გათვალისწილებით უნდა გამოინახოს იმის რესურსი, რომ ზემოაღქნიშნული მნიშვნელოვანი კანონპროექტი სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებისა და შეთანხმების გზით იქნეს მიღებული და არა მწვავე დაპირისპირების რეჟიმში.

 

“მისასალმებელია, რომ არ მხრივ გარკვეული დადებითი ტენდენციები არსებობს და ჩვენი მხრივ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ამ პროცესსს შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ.” 

 

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ყველა აღნიშნული სიახლე ვენეციის კომისიის მიერ დადებითად არის შეფასებული, თუმცა, მათი განცხადებით, არსებობს საკითხი, რომელმაც საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და პოლიტიკური დისკუსიის საფუძველი გახდა.

 

“კერძოდ, გადასაწყვეტია, ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება?” 

 

კანონპროექის თანხმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება ყველა წევრს. საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა საპარლამენტო უმცირესობას, რომელიც საბჭოს არც ერთი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ემხრობოდა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყდებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არიან შერჩეულნი და არ ახორციელებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი