დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლის” საიტზე, კონცერტი სწორედ აღნიშნულ დარბაზში, 11 აპრილს, საღამოს რვა საათზეა დაგეგმილი.
“პირველად 10 წლის მანძილზე მსოფლიოში ცნობილი სიმღერისა და ცეკვის საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” გამოსვლა 11 აპრილს პრესტიჟულ დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” შედგება. თანამედროვე ჯგუფი, რომელიც 80-ზე მეტ არტისტს აერთიანებს, რუსეთის დედაქალაქში საიუბილეო შოუს წარადგენს– ანსამბლი 45 წლის ხდება”– ნათქვამია საკონცერტო დარბაზის ვებ–გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში კონცერტი უკვე გამართა “ერისიონმა” . საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ “ერისიონის” პირველი კონცერტი 2008 წლის შემდეგ პირველად, 2013 წლის 5 მარტს გაიმართა რუსეთის ფედერაციაში, როსტოვის დრამატულ თეატრში.
ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, “ერისიონის” პირველმა კონცერტმა რუსეთში სრული ანშლაგით ჩაიარა, დარბაზი ფეხზე იდგა და რამდენიმე წუთი უკრავდა ტაშს.
“2008 წლიდან, ფაქტობრივად, ყოველთვის გვთხოვენ და გასაგები მიზეზების გამო არ წამოვედით, უარს ვამბობდით, მაგრამ ამჯერად ნაღდად წამოვედით და სულაც არ ვნანობთ. ჩვენ რუს ხალხთან ყოველთვის დიდი სიამოვნებით გვექნება ურთიერთობა”, – განუცხადა “იმედს” “ერისიონის” ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა.
სახელმწიფო ანსამბლის კიდევ ორი კონცერტი გამართა “კრემლის სასახლეში” 9–10 მარტს. “ერისიონის” მიერ რუსეთში კონცერტის გამართვას უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირბით ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ღია ეთერში” დებატებიც გაიმართა.