ახალი ამბები

პარლამენტის მიერ დახარჯული ფინანსები

8 მარტი, 2013 • • 952
პარლამენტის მიერ დახარჯული ფინანსები

opendata.ge–ზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე პრემიის სახით, ჯამში, მიიღეს 2 687 752 ლარი. დეპუტატებს შორის, რომლებსაც 2013 წელს პრემია აქვთ მიღებული, არიან ლეიბორისტული პარტიის წევრები, რომლებმაც პარლამენტს არჩევისთანავე ბოიკოტი გამოუცხადეს და არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. კონკრეტულად კი, შალვა ნათელაშვილს, კახა ძაგანიასა და იოსებ შატბერაშვილს მიღებული აქვთ 8 595–8 595 ლარის ოდენობის პრემია.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატისთვის 2012 წლის 1 იანვრიდან 20 ოქტომბრამდე ავტომობილთა საწვავით უზრუნველყოფისთვის დაიხარჯა 733 697 ლარი, ხოლო 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე კი – 219 793 ლარი.

 

რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის თანამშრომლებისა და დეპუტატებისთვის ბინის დაქირავების თანხებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს პარლამენტიდან აცნობეს, რომ დეპუტატების ბინის დასაქირავებლად ყოველწლიურად გამოიყოფა 1 500 000 ლარი, ხოლო, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის- 3 073 000 ლარი.

 

ამ დროისათვის პარლამენტის აპარატში შტატიანი 606, ხოლო შტატგარეშე 79 თანამშრომელი მუშაობს, გარდა ამისა, დროებითი კომისიების აპარატებში 66 ადამიანია დასაქმებული.

 

საქართველოს პარლამენტარებმა 2012 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 22 ოქტომბრამდე მივლინებებში სულ დახარჯეს 226 350 ლარი, მათგან ყველაზე დიდი ოდენობის თანხა – 92 762 ლარი დაიხარჯა წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტებზე. რაც შეეხება ახალი მოწვევის პარლამენტს, 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 2012 წლის  31 დეკემბრამდე პარლამენტართა მივლინებებისთვის, ჯამში, დახარჯულია 19 761 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი