ახალი ამბები

რატიანი: უნივერსიტეტს უნდა გაუუქმდეს ქონებისა და მოგების გადასახადი

6 მარტი, 2013 • • 889
რატიანი: უნივერსიტეტს უნდა გაუუქმდეს ქონებისა და მოგების გადასახადი

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სამი ნაწილისგან შედგება. რატიანი რეგენტთა საბჭოს გაუქმებას, უნივერსიტეტების მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და “შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. 

 

“მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსიდან  არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსზე გადასვლა იყო ავტონომიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს და სწორედ რეგენატთა უფლებამოსილების გადაცემა არის აქეთკენ გადადგმული ნაბიჯი,” – ამბობს რატიანი.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო ერთი ხელით აფინანსებს უნივერსიტეტებს, ხოლო მეორე ხელით ართმევს თანხას:

 

“სუბსიდირების სახით არის 10-15 პროცენტი, მეტი არ არის და ვფიქრობ, რომ ამ დაფინანსების ფონზე კარგი იქნება, თუ ის  ერთი ხელით არ მისცემს და მეორე  ხელით არ გამოართმევს რაღაც თანხებს და გარკვეულწილად ეს იქნება სტიმულირება კვლევაში ჩადებული თანხების, რომ უფრო მოიზიდოს უნივერსიტეტებმა და უფრო სტიმულირება გაუწიოს.” 

 

რაც შეეხება შესყიდვებს, რატიანი განმარტავს, რომ ტენდერებში შუამავლები მონაწილეობენ, რის გამოც ყველაფერი ძვირდება:

 

“პრობლემა ეხება კომპიუტერული პროგრამების, რეაქტივების და ლაბორატორიების მოწყობას. შესყიდვები მოხდეს პირდაპირი მიყიდვის წესით იმიტომ, რომ, როგორც წესი, როდესაც ცხადდება ტენდერი, არ იღებენ მონაწილეობას დასავლეთის კომპანიები, რომლებთანაც გაცილებით იაფია ეს პროდუქცია და იღებენ  შუამავალი ფირმები, რაც ძირითადად უძვირებს პროდუქციას უნივერსიტეტებს.”

 

კითხვაზე, თუ რატომ არ განიხილა აღნიშნული ცვლილებების პაკეტი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გათვალისწინებით იმისა, რომ სტუდენტების ერთი ნაწილი ითხოვდა კიდეც საბჭოს გაუქმებას, რატიანი პასუხობს:

 

“როდესაც არასამეწარმეო პირებზე გადავიდნენ უნივერსიტეტები, იქ გარკვეულწილად მათი დამოუკიდებლობა იზრდებოდა და სამინისტროს და მაშინდელ ხელმძღვანელობას ჰქონდა, ასე ვთქვათ, შიში, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ალბათ გარკვეულწილად სახელმწიფოს ჰქონოდა მეტი ბერკეტი მართვისა და კონტროლისა, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა სახელმწიფო არის ჩართული მართვაში, სწორედ კონტროლის მექანიზმები მცირდება. ეს არის პრობლემა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორედაც რომ წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და რეგენტთა საბჭოს უფლებამოსილებები უნდა გადაეცეს უნივერსიტეტებს. მაშინ ეს შეიძლება ყოფილიყო საკამათო, ვთქვათ, სამინისტროს ჰქონდა თავის არგუმენტები. მნიშვნელოვანია, რომ მაშინ არჩევანიც ჰქონდათ გარკვეულწილად უნივერსიტეტებს, კერძოდ, დარჩენილიყვნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, თუ წასულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში, მაშინ სამინისტროს არგუმენტი იყო ეს. დღეს  ვფიქრობ, რომ უკვე უნდა ვიზრუნოთ უფლებამოსლების გაფართოებაზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი