ახალი ამბებისამართალი

ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის აშშ–ში დაკავება დადასტურდა

8 ივნისი, 2017 • 9983
ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის აშშ–ში დაკავება დადასტურდა

ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის მეგობარი, აშშ–ში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, მერაბ დვალიშვილი სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ადასტურებს, რომ ხურციძე და მაყაშვილი დააკავეს, თუმცა ამას გაუგებრობას უკავშირებს.

“გამარჯობა, მეგობრებო. ძალიან ცუდი ამბავია: ავთო ხურციძე და ლევან მაყაშვილი ამ წუთში დაკავებულები არიან, მაგრამ ეს ძალიან დიდი გაურკვევლობა და რაღაც ძალიან დიდი შეცდომაა. ცოტა ხანში გაირკვევა და დაზუსტდება ყველაფერი – ბიჭები გარეთ გამოვლენ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ თავიანთ საქმეს, მოუტანენ თავიანთ ქვეყანას სახელს,” – ამბობს ამერიკაში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი და დაკავებულების მეგობარი, მერაბ დვალიშვილი.

მისი თქმით, გაუგებრობა მოხდა ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის დაკავებისას, რადგან ისინი არაფერ შუაში არიან. როგორც მაყაშვილი ამბობს, სულ მალე ქართველი სპორტსმენები საპატიმროდან გამოვლენ:

“მე, უბრალოდ, გეტყვით იმას, რომ პანიკას ნუ მიეცემით – არაფერი ცუდი არ მოხდება და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. შეიძლება ვიღაცებმა რაღაც დააშავეს, მაგრამ ეს ბიჭები არიან აბსოლუტურად სუფთები. ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა და იქნება ისე, როგორც უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი] არაფერ შუაში არიან. ცოტა ხანში [ისინი] გაარკვევენ ყველაფერს.”

თავად ავთანდილ ხურციძის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქართველი სპორტსმენის მიმართვა. მოკრივე ამ ფაქტს გაუგებრობას უწოდებს და იმედოვნებს, რომ უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა.

აშშ–ში დაკავებულ რუსულ-ქართული ბანდიტური დაჯგუფების წევრებს შორის, რამდენიმე ქართველ სპორტსმენთან ერთად, WBO-ს ვერსიით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და UFC-ს მებრძოლი ლევან მაყაშვილიც მოხვდნენ.

ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების, UFC-ს მებრძოლი. ორივე სპორტსმენი აშშ–ში ვარჯიშობს. ავთანდილ ხურციძე ბრუკლინში უმნიშვნელოვანესი ბრძოლისთვის ემზადებოდა – 8 ივლისს ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა შეხვედროდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 23 ბრალდებული ფედერალურ ციხეშია დაკავებული, ხოლო 18 მათგანი გუშინ 7 ივნისს უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე.

დეპარტამენტის ცნობით, რაჟდენ შულაია, ზურაბ ჟანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ნაზო გაფრინდაშვილი, არტურ ვინოკუროვი, ევგენი მელმანი, ტიმურ სუიუნოვი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, აზერ არსლანუკი, ივან ათანასიევი, დენის სავგირი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, სემიონ სარაიდაროვი, ვაჩე ოვანისიანი რეკეტიორობაში არიან ბრალდებული.

დეპარტამენტის ცნობით, დენის სავგირი, ერეკლე კერესელიძე, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავა და სემიონ სარაიდაროვი მიმალვაში იმყოფებიან და ჯერ არ დაუკავებიათ.

“ჩვენ დავაკავეთ რუსული დანაშაულებრივი დაჯგუფების 33 წევრი, რომელთაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო დანაშაულობები ჩაიდინეს. ბრალდება აქვს წარდგენილი დაჯგუფების სავარაუდო ხელმძღვანელ რაჟდენ შულაიას და ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც რუს “კანონიერ ქურდებს” აქვთ ბრალდება წაყენებული ფულის გამოძალვაში. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა, ასევე აღმოაჩინეს 4 535 კილოგრამი შოკოლადი”, – განაცხადა პროკურორმა ჯონ კიმმა.

იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, შულაიას დაჯგუფება იყო კრიმინალური გუნდი, რომელიც რაჟდენ შუალაიას მითითებებით მოქმედებდა. შუალაიას ასევე უწოდებდნენ “ძმას”, “რომას”, იგი არის კანონიერი ქურდი. ამ დაჯგუფების წევრები და თვითონ შუალაია ჩართული იყვნენ არაერთ კრიმინალურ მოქმედებებში, მათ შორის, ძალადობაში, გამოძალვაში, უკანონო აზარტული თამაშების ბიზნესში, რამდენიმე კაზინოს მიმართ თაღლითობაში, იდენტობის ქურდობაში, საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და მოპარული საქონელის გასაღებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი