იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, შულაიას დაჯგუფება იყო კრიმინალური გუნდი, რომელიც რაჟდენ შუალაიას მითითებებით მოქმედებდა. შუალაიას ასევე უწოდებდნენ “ძმას”, “რომას”, იგი არის კანონიერი ქურდი. ამ დაჯგუფების წევრები და თვითონ შუალაია ჩართული იყვნენ არაერთ კრიმინალურ მოქმედებებში, მათ შორის, ძალადობაში, გამოძალვაში, უკანონო აზარტული თამაშების ბიზნესში, რამდენიმე კაზინოს მიმართ თაღლითობაში, იდენტობის ქურდობაში, საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და მოპარული საქონელის გასაღებაში.
აშშ–ში დაკავებულ რუსულ-ქართული ბანდიტური დაჯგუფების წევრებს შორის, რამდენიმე ქართველ სპორტსმენთან ერთად, დიდი ალბათობით, WBO-ს ვერსიით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და UFC-ს მებრძოლი ლევან მაყაშვილიც არიან.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ქართველი სპორტსმენების სახელი და გვარებიც წერია. თუმცა არის გარკვეული შეუსაბამობებიც.
მაგალითად, ავთანდილ ხურციძეზე წერია, რომ მისი მეტსახელია კინგბოქსიორი და არის 33 წლის, თუმცა რეალურად ხურციძე 37 წლისაა. ამას გარდა, ხურციძის ყოფილი მწვრთნელი მურთაზ ბებია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სპორტსმენი გუშინ, 7 ივნისს, დილით გაემგზავრა აშშ-ში და პირადად გააცილა თბილისის აეროპორტიდან. ხურციძე აშშ-ში თბილისის დროით დღეს, 8 ივნისს, დილით უნდა ჩასულიყო, რაც აშშ-ის დროით 7 ივნისია. 7 ივნისითაა დათარიღებული აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ქართველების “კრიმინალური დაჯგუფების” დაკავების შესახებ იუწყება. ბებია ამბობს, რომ ხურციძის, იმავე “ჩაქუჩას” დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ლევან მაყაშვილის ცოლი, თათა შავლაყაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში უარყოფს, რომ მისი ქმარი დაკავებულია, თუმცა ამბობს, რომ იცნობს სხვა დაკავებულებს. მან გვითხრა, რომ პირადად მაყაშვილს ვერ დავუკავშირდებით, თუმცა რატომ, არ დაგვიკონკრეტა.
დაკავებულებს ბრალად ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ქურდობა, ნარკოდანაშაული და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა ედებათ.
ნეტგაზეთი საქართველოს სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც უკვე ფლობენ ინფორმაციას ქართველი სპორტსმენების ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო დაკავების საკითხზე. სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ორივე სპორტსმენი დამოუკიდებლად მონაწილეობდა სხვადასხვა ტურნირებში, ისინი საქართველოს სახელით არ იბრძვიან და არც ერთი მათგანი ქართული ფედერაციის წევრი არ არის.
ინფორმაციას ქართველი სპორტსმენების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებიდან ფლობენ კრივის ფედერაციაშიც, თუმცა მათაც არ იციან, ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ნამდვილად დააკავეს თუ არა. როგორც კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მარიამ დუნდუამ განგვიცხადა, ინფორმაციას არ ფლობს ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური და ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი.
ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების, UFC-ს მებრძოლი. ორივე სპორტსმენი აშშ–ში ვარჯიშობს. ავთანდილ ხურციძე ბრუკლინში უმნიშვნელოვანესი ბრძოლისთვის ემზადებოდა – 8 ივლისს ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა შეხვედროდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 23 ბრალდებული ფედერალურ ციხეშია დაკავებული, ხოლო 18 მათგანი გუშინ 7 ივნისს უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე.
დეპარტამენტის ცნობით, რაჟდენ შულაია, ზურაბ ჟანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ნაზო გაფრინდაშვილი, არტურ ვინოკუროვი, ევგენი მელმანი, ტიმურ სუიუნოვი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, აზერ არსლანუკი, ივან ათანასიევი, დენის სავგირი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, სემიონ სარაიდაროვი, ვაჩე ოვანისიანი რეკეტიორობაში არიან ბრალდებული.
დეპარტამენტის ცნობით, დენის სავგირი, ერეკლე კერესელიძე, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავა და სემიონ სარაიდაროვი მიმალვაში იმყოფებიან და ჯერ არ დაუკავებიათ.
“ჩვენ დავაკავეთ რუსული დანაშაულებრივი დაჯგუფების 33 წევრი, რომელთაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო დანაშაულობები ჩაიდინეს. ბრალდება აქვს წარდგენილი დაჯგუფების სავარაუდო ხელმძღვანელ რაჟდენ შულაიას და ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც რუს “კანონიერ ქურდებს” აქვთ ბრალდება წაყენებული ფულის გამოძალვაში. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა, ასევე აღმოაჩინეს 4 535 კილოგრამი შოკოლადი”, – განაცხადა პროკურორმა ჯონ კიმმა.