ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილმა ექსკლუზიურად განუცხადა, თითქოს თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება უკვე გადაწყვიტა, რასაც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ტყუილს უწოდებს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, მსგავსი არაფერი უთქვამს და ეს არის აბსურდი. ტელეკომპანია “იბერიის” სიუჟეტში ელისაშვილის კომენტარიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ მიესალმება, თუ მის სასარგებლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ აპირებს თავისი კანდიდატურის დაყენებას, რაც 30 მაისს უკვე ცნობილი იყო.
“თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა გადაწყვეტს, რომ მე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, დამიჭიროს მხარი, რა თქმა უნდა, ეს მათი საქმეა და მისასალმებელი იქნება, მაგრამ მე ვიქნები არა პარტიების კანდიდატი, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატი…” – ასე მთავრდება ალეკო ელისაშვილის სინქრონი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული აქვს თუ არა, ტელეკომპანია “იბერიის” დღევანდელ სიუჟეტში პირადად მისგან ვერ ვიგებთ.
Update: ამავე თემაზე, ოდნავ მოგვიანებით, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტიც მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ალეკო ელისშვილს თბილისის მერობის სურვილი აქვს, თუმცა “ქრონიკას” საერთოდ არ ჰქონია დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის კომენტარი.
30 მაისს “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” განაცხადეს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის სახით მიიღებენ მონაწილეობას. პარტიის ლიდერების განცხადებით, საკრებულოს დამოუკიდებელ კანდიდატთან, ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა თბილისის მერის არჩევნებში მათი კანდიდატი იყოს.
თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს დავით ნარმანია. ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო ქართული ოცნება კახა კალაძის კანდიდატურას უალტერნატივოდ განიხილავს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა ადასტურებს, რომ მან ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო შეთავაზება.