“რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის სახით მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა, ხათუნა სამნიძემ და შალვა შავგულიძემ დღეს, 30 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“გაგვაჩნია რა ღირებულებითი ერთიანობა და თანამშრომლობის ხანგრძვილი გამოცდილება, ჩვენ გადავწყვიტეთ, ადგილობრივ არჩევნებში ერთიან ბლოკად წარვდგეთ. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებით დავიწყებთ ქართული ოცნების შეუზღუდავი ძალაუფლების შემცირებას და იმის საფუძველს შევქმნით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების იმედი არ გაამართლა, დავამარცხოთ და ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას,” – განაცხადა შალვა შავგულიძემ, “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ.
ღია კარის პოლიტიკა
ხათუნა სამნიძის განცხადებით, საარჩევნო ბლოკი მოქალაქეებს სთავაზობს თავისუფალ სივრცეს. შესაბამისად, საარჩევნო ბლოკი იმ ადამიანებს ეპატიჟება, რომლებიც თვლიან, რომ საკუთარ ქალაქსა თუ სოფელზე უნდა იზრუნონ:
“ჩვენი პლატფორმა ღიაა თქვენთვის, ერთად შევცვალოთ არსებული რეალობა. ჩვენ გვეყოლება საერთო კანდიდატები, გვექნება საერთო სია და ეს სია ღიაა ყველა მოქალაქისთვის. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პარტიაში გაწევრიანება არ სურთ, არსებობენ აქტივისტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საკუთარი ქალაქის განვითარებაში და პარტიის წევრობა არ სურთ, ჩვენ ასეთ ადამიანებს ვუხსნით კარს. ჩვენი სია სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, ისინი მოქალაქეებს საშუალებას მისცემენ, არჩევნებში მონაწილეობა საკუთარი პროგრამებით მიიღონ:
“ჩვენ ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ საკუთარ სოფელსა და ქალაქში იყარონ კენჭი და საკუთარი პროგრამები ჰქონდეთ. ჩვენ დაბრკოლებას არავის შევუქმნით, უბრალოდ, უნდა იყვნენ დასავლური ორიენტაციის ადამიანები და თვითმმართველობის გაძლიერებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. ჩვენ ასეთ ადამიანებს ავარიდებთ საარჩევნო ბიუროკრატიულ ბარიერებს.
მოხალისეობაზე აწყობილი საარჩევნო კამპანია
თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთი წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, საარჩევნო ბლოკს ფული არ აქვს, მაგრამ მათი ძლიერი მხარე იდეოლოგიური თანხმობა, წესიერება და პატიოსნებაა:
“ჩვენი საარჩევნო კამპანია აწყობილი იქნება მოხალისეობაზე. ცუდია, რომ საქართველოში მოხალისეობა საერთოდ განადგურებულია, რადგან ყველაფერი იყიდება ფულზე. მზად ვართ ბოლომდე საბრძოლველად, ჩვენზე იქნება დამოკიდებული, მოსახლეობა ნდობას გამოგვიცხადებს თუ არა. ჩვენ არჩევნებით, თანმიმდევრულად შევცვლით ხელისუფლებას, ” – ამბობს გოგუაძე.
რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საარჩევნო ბლოკი მდიდარი არ იქნება.
“ჩვენი ფინანსური შესაძლებლებლობა მწირი იქნება, მაგრამ მხოლოდ ფული არ წყვეტს ყველაფერს. ვინ შეეწევა ამ საარჩევნო სუბიექტს, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ ვქმნით ღია სივრცეს, ეს იქნება პარტიული და არაპარტიული მოქალაქეების ერთიანი სივრცე. მე დარწმუენბული ვარ, რომ ბევრი აქტიური, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი იქნება ჩვენი ბლოკის წევრი და მხარდამჭერი.”
მოლაპარაკებები ალეკო ელისაშვილთან
საარჩევნო ბლოკის წევრები ადასტურებენ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელ კანდიდატთან, ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა მათი კანდიდატი იყოს თბილისის მერის არჩევნებში. სხვა დეტალების შესახებ პოლიტიკოსები ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
“იმედი გვაქვს, რომ ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. ბლოკში შემავალ პარტიებს შეუძლიათ ურთიერთობების დალაგება, გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, კომპრომისებზე წასვლა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შევძლებთ, უფრო ძლიერები წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე,” – ამბობს თამარ კორძაია.
თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერობისთვის მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძოლებს.
_______________________________________
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტმა – “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” ხმათა 4,63 პროცენტი მიიღო. ხოლო “უსუფაშვილი – რესპუბლიკელებმა” – 1,55 %.