რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა ადასტურებს, რომ მან ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო შეთავაზება.
ზაალ უდუმაშვილმა ამის შესახებ გვიან ღამით კიევიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის აეროპორტში განუცხადა ჟურნალისტებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებსაც შეხვდა.
როგორც უდუმაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ვადა ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად, იყრის თუ არა კენჭს. ასევე, იქნება დამოუკიდებელი, თუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
„ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას მე ალბათ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად. ნაციონალური მოძრაობისგან იყო შემოთავაზება. მე უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან და მათ შორის მიხეილ სააკაშვილთანაც. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე იყო საუბარი,” – ამბობს უდუმაშვილი.
ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, საერთოდ იყრის თუ არა კენჭს თბილისის მერის არჩევნებზე: “გადაწყვეტილება არც იმაზე არ მიმიღია, ვიქნები თუ არა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, თუ ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი. როგორც გეუბნებით, ჩემს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ.”
თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს დავით ნარმანია. ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო ქართული ოცნება კახა კალაძის კანდიდატურას უალტერნატივოდ განიხილავს. რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს კანდიდატად ალეკო ელისაშვილის დაყენება სურთ, თუმცა მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.