გია ვოლსკის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახი კალაძე იქნება. ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც პარლამენტის ვიცესპიკერი ამბობს, მმართველი გუნდი მოქმედი ენერგეტიკის მინისტრის დედაქალაქის მერობის კანდიდატურაზე შეთანხმდა და ალტერნატიული წინადადებები არც განუხილავთ:
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალაძე იქნება კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ რასაც ვფიქრობთ გუნდში, დღეს მთლიანად გავუზიარეთ ერთმანეთს. სხვა ალტერნატიული წინადადებები არც განგვიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე იქნება ჩამოყალიბებული.”
თბილისის მერობის კანდიდატის გარდა, საპარალმენტო უმრავლესობის დახურულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ იმსჯელეს. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ასევე, განიხილეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი, რომელზეც ხელისუფლებაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.