ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ადვოკატი: მუხთარლი სამმა კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა გაიტაცა

3 ივნისი, 2017 • 4504
ადვოკატი: მუხთარლი სამმა კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა გაიტაცა

“აფგან მუხთარლი ამბობს, რომ სამმა კრიმინალური პოლიციის  და ერთმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა გაიტაცა”, – აცხადებს ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში აფგან მუხთარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი ნემატ ქარიმლი.

ქარიმლის თქმით, აფგან მუხთარლის 31 მაისს შეხვდა და სწორედ მაშინ მოუყვა მუხტარლიმ მისი გატაცების დეტალები.

ადვოკატის განმარტებით, მუხტარლი 29 მაისს, საღამოს, მეგობართან [დაშგინ აღალარლი] დამშვიდობების შემდეგ ბარათაშვილის ქუჩიდან მოპირდაპირე მხარეს, სურსათის მაღაზიასთან გადავიდა, საიდანც ცოლს დაურეკა. ცოლმა დააბარა პური. სიგარეტისა  და პური ყიდვის შემდეგ, იქიდანვე 4 ნომერი სამარშრუტო ტაქსით სახლში, ჭონქაძის ქუჩაზე უნდა მისულიყო. როგორც ადვოკატის მონაყოლიდან ირკვევა, დაახლოებით ჩიტაძისა და ჭონქაძის ქუჩების კვეთაზე, იქ, სადაც ქვაფენილი იწყება, მუხთარლის ოპელის მარკის ავტომობილი დახვდა, საიდანაც სამმა კრიმინალური პოლიციის ფორმაში და ერთმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ჩასვა მანქანაში, სადაც მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

ადვოკატის ცნობით,  აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთამდე მუხთარლის სამი ავტომობილით გამოუცვალეს. როგორც ადვოკატისგან ირკვევა, პირველი ავტომობილით ბარათაშვილის ქუჩა, ავლაბარი, 300 არაგველი და თბილისის აეროპორტის გზა გაიარეს. შემდეგ აზერბაიჯანის საზღვრამდე, ასევე სხვა ქართულენოვან ადამიანებთან ერთად, სხვა ავტომობილში გადასვეს. საბოლოოდ, მან გადაკვეთა საქართველო- აზერბაიჯანის არა სამოქალაქო, არამედ სხვა გამშვები პუნქტი [“ლაგოდეხი”], საიდანაც უკვე აზერბაიჯანელებმა წაიყვანეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ ისინი მოითხოვენ, გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს, ვინაიდან “საქმე ცდება ძველი თბილისის რაიონის განყოფილების გამოძიების ფარგლებს”.

დაშგინ აღალარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამახვილებს ყურადღებას. ასევე ამბობს, რომ “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებს მასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი