ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო რაბათში მინარეთების აშენებას არ ადასტურებს

28 თებერვალი, 2013 • 1351
კულტურის სამინისტრო რაბათში მინარეთების აშენებას არ ადასტურებს

“პირველად მესმის ასეთი რამ, იქ მხოლოდ ერთი მინარეთია და დამატებით მშენებლობას არავინ გეგმავს,”-ამბობს მიზანდარი.

 

მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი ამბობს, რომ რაბათის კომპელქსში, ახმედიეს მეჩეთში მინარეთზე საუბარი თურქეთის მხრიდან მართლაც იყო, თუმცა სულ სხვა კონტექსტში.

 

როგორც მისგან ირკვევა, თურქული მხარე ამ ერთი მინარეთის სიმაღლეში მომატებას ითხოვდა, რაც არსებული არქიტექტურის დარღვევა იქნებოდა, შესაბამისად, ეს თხოვნა, ქართულმა მხარემ ვერ დააკმაყოფილა. 

 

ამჟამად ახმედიეს მეჩეთთან დაკავშირებით თურქულ მხარეს კიდევ რამდენიმე შენიშვნა აქვს, რომელსაც კულტურის სამინისტროც ეთანხმება და უახლოეს დროში მათ გათვალისწინებას გეგმავს. 

 

“თურქულ მხარეს აქვს გარკვეული შენიშნვები. როგორც ირკვევა, თურქეთის ექსპერტები არ იყვნენ სათანადოდ ჩართული რეაბილიტაციის პროცესში, ან მათი შენიშვნები არ ყოფილა გათვალისწინებული. შესაბამისად, დღეს უკმაყოფილონი არიან. ხედავენ რამდენიმე ხარვეზს. ეს გახლავთ გუმბათის ფერი, რომელიც არის ოქროსფერი, და რომელიც ტყვიისფერი უნდა იყოს. გარდა ამისა, ისინი პირვანდელი ცხაურების გაკეთებას ითხოვენ. ამჟამად ძალიან იაფფასიანი მასალით გაკეთებული უგემოვნო ცხაურებია,”- ამბობს მარინა მიზანდარი.

 

კიდევ ერთი თხოვნა თურქეთის მხრიდან, ეს შუა საუკუნის ქართული სტელებია, – ქვის დიდი რელიეფები, რომელზეც ჯვრებია გამოსახული. როგორც მიზანდარი ამბობს, თურქული მხარე მათ გატანას ითხოვს. 

 

“როგორც ამიხსნეს, ძალიან მძიმეა და მისი გატანა ამიტომაა ამ ეტაპზე შეფერხებული,”- ამბობს ის. 

 

ის სამუშაოები ახმედიეს მეჩეთში, რომელიც უახლოეს დროში უნდა შესრულდეს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, საკმაოდ ძვირადღირებული იქნება. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა 26 თებერვალს მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რაბათის კომპლექსში მინარეთების აშენება იგეგმება.

 

“ნამდვილად არ ყოფილა ლაპარაკი, რომ ულამაზეს რაბათის კომპლექსს უნდა მივაშენოთ მინარეთები იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ეგეთი მინარეთები. ეს ახალი რაღაცა გაჩნდა. ის, როცა იყო იქ, როცა თავის დროზე აშენდა, ის ერთი პატარა მინარეთი ჰქონდა, ის ერთი პატარა მინარეთი აღვადგინეთ, რა ოთხი პატარა მინარეთის მიშენებაზე ვლაპარაკობთ? საიდან მოვიდა ეს შარლატანიზმი მართლა და გაუგებარი რაღაცები?,”- განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

საქართველოში ახალი მეჩეთის მოსალოდნელი მშენებლობის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შედგა საქართველოსა და თურქეთს შორის. მაშინდელი შეთანხმებით, ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ბათუმში უნდა აშენებულიყო აზიზიეს მეჩეთი, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

 

საქართველოში სამთავრობო ცვლილებების შემდეგ განახლდა თურქეთთან ამ კუთხით მოლაპარაკებები, რის შემდეგაც გაირკვა, რომ საქართველოს მხრიდან მოხდებოდა რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღდგენილი ახმედიეს მეჩეთის ხელახალი რესტავრაცია:

 

“ლაპარაკია ჩვენი მხრიდან იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რაც დაშვებული იქნა ახმედიეს მეჩეთის რესტავრაციის დროს რაბათში, ახალციხეში. ეს არის ამ ეტაპზე დიალოგის მთავარი თემა. ახმედიეს მეჩეთთან დაკავშირებით რაღაც დეტალების გამოსწორება შეიძლება, მუშაობაა საჭირო, ხელახლა ხარაჩოების მიდგმა და ა.შ”, – ეს განცხადება კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა გასული წლის დეკემბერშიგააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი