ახალი ამბები

მუსკომედიის თეატრი რკინიგზელთა სახლში 2019 წლის თებერვლიდან გადავა

7 ივნისი, 2018 •
მუსკომედიის თეატრი რკინიგზელთა სახლში 2019 წლის თებერვლიდან გადავა

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი რკინიგზელთა სახლში თებერვლიდან გადავა. რკინიგზელთა სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “რკინიგზელთა სახლში” 2019 წლის თებერვლიდან გადავლენ, როდესაც სარემონტო სამუშაოები დასრულდება.

“დაიდო დასკვნა, რომ ავარიულია და უნდა გამაგრდეს ან დაინგრეს და ახალი აშენდეს, მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ის იყო როგორც თეატრი თავიდანვე აშენებული, კულტურის სამინისტრომ შემოგვთავაზა, რომ დაუბრუნდეს თავისი ძველი ფუქნცია. ძალიან კარგი იქნება ჩვენთვისაც”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

აღმაშენებელის გამზირის 127 ნომერში მდებარე “რკინიგზელთა სახლი” სახელმწიფოს საკუთრებაშია. შენობა 1950 წელს თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ–მიქაელოვმა ააშენა.

აღმაშენებლის გამზირის 182 ნომერში მდებარე შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიის “აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” საკუთრებაშია. ამ შენობას ეროვნული სიმფონიური ორკესტრი 2015 წლიდან იყენებს, მას შემდეგ, რაც მუსკომედიის თეატრმა და სიმფონიურმა ორკესტრმა შენობები გაცვალეს.

ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნახუცრიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით შენობა ავარიულია, თუმცა მისი რეაბილიტაცია უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება. ისინი კულტურის სამინისტროსთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ მოიძიონ ახალი საკონცერტო დარბაზის ასაშენებელი თანხა. ნახუცრიშვილის თქმით, ეს თანხა 35–40 მილიონ ევროს უტოლდება.

მუსიკისა და დრამის თეატრის შენობა ერთ-ერთია, რომლის რეაბილიტაციაც კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 7 ივნისს გამართულ პრეზენტაციაზე კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა დასრულებული, მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

მინისტრის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილია ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის შენობის საკითხის მოგვარება, მარჯანიშვილის თეატრისთვის “მინიქალაქის” აშენება, ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისთვის და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედისთვის” შენობის გამოყოფა.

კულტურის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სახელოვნებო დაწესებულებებისა და სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამა 2014 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში 20 თეატრის რეაბილიტაციისთვის 53 514 994 ლარი დაიხარჯა. აქედან 43 352 000 ლარი “:ქართუ ფონდის” დაფინანსება იყო.

6 სახელოვნებო სასწავლებლის რეაბილიტაციის სრული ბიუჯეტია 28 294 385 ლარი.

  • თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამხატვრო აკადემია
  • საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი
  • ნიჭიერთა ათწლედი
  • ფიზიკური აღზრდის და სპორტის უნივერსიტეტი
  • სპორტული კოლეჯი

18 მუზეუმის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 24 609 129 ლარს, ხოლო კულტურის 8 სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციის სრული ბიუჯეტი- 25 144 000 ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი