ანჟელა არუთინიანმა დღეს “პირველ რადიოში” ამ საკითხებზე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა:
“ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი, უკანონო პატიმარი. დამიბრუნონ შვილი. მარტო ვარ სულ, ამქვეყნად მეტი არავინ მყავს”.
ანჟელა არუთინიანი აცხადებს, რომ მან შვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართა:
“თეა წულუკიანთან გავაგზავნე წერილი 4 იანვარს და პასუხი მივიღე 4 თებერვალს. მივიღე პასუხი, რომ აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში არის შესული და მისი გაუქმებისთვის დღეის მდგომარეობით არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი არც ერთი გარემოება, ე.ი. არ გადახედავენ საქმეს”.
ანჟელა არუთინიანის თქმით, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს მეორე წერილიც გაუგზავნა:
“შემდეგ წერილებს გაზეთიდან ამონარიდებიც დავურთე, სადაც პრეზიდენტის დაცვის უფროსის მოადგილე წერს, რომ იქ იყო და “ლიმონკის” სროლის ფაქტი არ არის დაფიქსირებული. ეს დაიწერა 2010 წელს. კიდევ ერთი ჟურნალისტი წერს, გოგონა, რომ ის იდგა პირველ რიგებში და მას არაფერი დაუნახავს. ვოვა არ არის ტერორისტი, თავისუფლების მოედანზე ტერაქტი არ მომხდარა.”
ანჟელა არუთინიანის განცხადებით, რადგან თავისუფლების მოედანზე არაფერი მომხდარა, მის შვილს პოლიციელის მკვლელობა დააბრალეს: “ეს პოლიცილი ვოვას დასდევდა, 4 ჭრილობა მიაყენა, უკვე სისხლიდან იცლებოდა ვოვა, როცა საავდმყოფოში წაიყვანეს.”
ანჟელა არუთინიანის განცხადებით, მისი შვილი არის უდანაშაულო:
“იმდენი პროფესიონალი თვალი და ყური იყო იქ, იმდენი აპარატურა იყო და არსად არაფერი არ დაფიქსირდა, ეს ხომ შეუძლებელი იყო. ის ლიმონკა, რომელიც იქ ეგდო, გაირკვა, რომ იყო სასწავლო დანიშნულების და სიძველისგან მწყობრიდან გამოსული. ის მაინც არ აფეთქდებოდა. პოლონელი ჟურნალისტი უღებდა ვოვას სურათს და ის ლიმონკა იქ ეგდო. შემდეგ თქვეს, რომ სურათი კოსმოსიდან გადაიღეს… ჩვენ, მართალია, სომხები ვართ, მაგრამ ეს არის ჩვენი სამშობლო და ძალიან გვიყვარს. ვოვას არც ამერიკასთან და არც რუსეთთან არ გაუყიდია საქართველო.”
შეგახსენებთ, რომ 1 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ნეტგაზეთმა” არუთნოვის საქმეზე შეკითხვით მიმართა თეა წულუკიანსა და არჩილ კბილაშვილს:
“უვადო პატიმრობა მისჯილი აქვთ იმ ადამინებს, ვინც ჩაიდინა საზოგადოებისათვის განსკუთრებით საშიში დანაშაული. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა ამ საკითხისადმი არასწორი იქნება. საჭიროა ინდივიდუალური საქმის კონკრეტულ გარემოებებს გავეცნოთ, თუმცა ხელისუფლება ვერ დაპირდება უვადო პატიმრებს, რომ მათი სასჯელი გახდება ვადიანი, ან ისინი გათავისუფლდებიან პატიმრობიდან, რადგან საზოგადოება უნდა დარჩეს დანაშაულისგან დაცული. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი პატიმარი უკანონო განაჩენით იყოს მსჯავრდებული. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი საქმეები უნდა გადაიხედოს. ვოვა არუთინოვის საქმეს მე დეტალურად არ ვიცნობ და კომენტარისგან თავს შევიკავებ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” თეა წულუკიანმა 2012 წლის 21 ოქტომბერს.
იმავე დღეს იმავე საკითხზე არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა:
“ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ვინც უკანონო განაჩენის მსხვერპლია და მის საქმეს განვიხილავთ, ეს ეხება ყველას, მათ შორის ვოვა არუთინოვის ოჯახსაც. თუ მისი ოჯახი თვლის, რომ მისი განაჩენი უკანონოა, საერთო წესის თანახმდ, მას გადავხედავთ. ”
ვოვა არუთინოვი 2005 წლის 20 ივლისს დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, 2005 წლის 10 მაისს ვოვა არუთინოვი ტერაქტის მოწყობით თბილისში ჩამოსული აშშ–ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მოკვლას აპირებდა. მისი დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის შედეგადაც დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ზურაბ ქვლივიძე.