სავაჭრო სახლ “ბავშვთა სამყაროს” დაწვის შედეგად დაზარალებულებმა დღეს, 25 მაისს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართეს. დაზარალებული მოვაჭრეები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის სრულად კომპენსაციას ითხოვენ.
დაზარალებულებმა ამ მოთხოვნით სხვადასხვა უწყებას მიმართეს. მათ თბილისის საკრებულომ 3000-3000-ლარიანი კომპენსაცია გამოუყო, თუმცა დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათთვის მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია. ეს თანხა კი ვალებისა და სესხების დასაფარად გმაოიყენეს, ბიზნესის თვიდან დასაწყებად კი დამწვარი პროდუქციის შესაბამისი კომპენსაცია სჭირდებათ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი, თუმცა, როგორც ბავშვთა სამყაროს იურისტი, ვაჟა მაისურაძე ამბობს, შენობის დემონტაჟი გამოძიების დასრულებამდე არ მოხდება.
“ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.