ახალი ამბები

საიამ ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას მიმართა

24 მაისი, 2017 •
საიამ ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას მიმართა

დღეს, 24 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმის, ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

საქმე ეხება ზვიად ნაზღაიძისთვის თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

საია ამბობს, რომ გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ ზვიად ნაზღაიძეს 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.

საიას განცხადებით, მათ შეისწავლეს დოკუმენტები, რა დროსაც კანონთან რიგი შეუსაბამობები გამოიკვეთა. დღეს პროკურატურაში განცხადება სწორედ ამ კვლევის ავტორმა, საიას იურისტრმა სულხან სალაძემ შეიტანა.

საიაში ფიქრობენ, რომ ნაზღაიძისთვის ქონების ჩამორთმევა და შემდგომ მისი გადაცემის ფაქტი, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს:

  • 20155 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს ზვიად ნაზღაიძე არ წარმოადგენდა ყიფშიძის #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეს და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე;
  • ყიფშიძის #2-ის მიმდებარედ არსებულ 1641 კვ.მ უძრავ ქონებაზე არ ვრცელდება 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის #17-66 დადგენილების მოქმედება;
  • ყიფშიძის #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცულებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი;
  • არც ერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების ჩამორთმევისას  – საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა;
  • ზვიად ნაზღაიძეს უსაფუძლოდ გადაეცა თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის #5-ში მდებარე 50001 კვ.მ. უძრავი ქონება.
  • სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება მუნიციპალიტეტის მიერ ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპლიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971 260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გარანტირებულად გადაცემის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი