ნეტგაზეთი | საკრებულომ ზვიად ნაზღაიძისთვის მილიონამდე ლარის გადაცემის დადგენილება ძალაში დატოვა საკრებულომ ზვიად ნაზღაიძისთვის მილიონამდე ლარის გადაცემის დადგენილება ძალაში დატოვა – Netgazeti
RU | GE  

საკრებულომ ზვიად ნაზღაიძისთვის მილიონამდე ლარის გადაცემის დადგენილება ძალაში დატოვა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა დადგენილების გაუქმებას, რომლის ძალითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს სანდრო ეულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი და ასი ათასობით ლარი გადაეცა.

საკრებულოს 29 წევრმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო 13- მა წევრმა მხარი დაუჭირა. ერთმა თავი შეიკავა.

დადგენილება, რომელიც საკრებულომ 2016 წლის 23 დეკებერს მიიღო, შეეხება ზვიად ნაზღაიძისთვის სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს, რადგან მერიამ საკრებულოს არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, ამავე დროს ნაზღაიძემ გამონაკლისის წესით მიიღო ანაზღაურება.

საკრებულოს დეპუტატმა მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ქონება ზვიად ნაზღაიძეს გადასცეს პირობებისა და ვალდებულებებების გარეშე.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი ეს პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა, მაშინ უნდა მიემართათ იმ ოგანოებისთვის, რომლებიც ადგენენ სიმართლეს. საკრებულოს ოპოზიციის მცდელობას, გააუქმონ ეს დადგენილება, მან ,,შოუ” უწოდა.

დადგენილების გაუქმებას საკრებულოს ოპოზიცია-5 ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები- ითხოვდა.

ზვიად ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმაა. ნატა ნაზღაიძე კი იმ კოლეგიის წევრი მოსამართლეა, რომელმაც განიხილა “რუსთავი 2”-ის მფლობელებისა და ქიბარ ხალვაშის საქმე. მამ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ხალვაში ამტკიცებდა, რომ ტელეკომპანია 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით ზეწოლით წაართვეს.

საკრებულოს დადგენილების გაუქმებას გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვდა და მათ დააყენეს აღნიშნული საკითხი საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წერიგში იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტურად დასტურდება ის ფაქტი, რომ 2015 წლის ივნისში, როდესაც მოხდა სტიქია, ნაკვეთი არა ზვიად ნაზღაიძეს, არამედ საქართველოს ბანკს ეკუთვნოდა.

“საქართველოს ბანკმა” ეს ნაკვეთი მიიღოს მას შემდეგ, რაც მისმა მაშინდელმა მფლობელმა ზვიად ნაზღაიძემ საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკარგა. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სტიქიის შედეგად ზარალი ზვიად ნაზღაიძეს არ განუცდია.

2016 წლის 30 ნოემბერს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთის მფლობელად ისევ ნაზღაიძე დარეგისტრირდა. ამის შემდეგ მიმართა მერიას, რომ ზიანის ანაზღაურება მიეღო. მერიამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ კი ეს წინადადება დააკმაყოფილა.

დღევანდელი მდგომარეობით, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი ორადაა გამიჯნული: საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ფართიდან 436 კვადრატული მეტრის მფლობელი ზვიად ნაზღაიძეა, ხოლო 4565 კვადრატული მეტრის მფლობელი- ზვიად ჩოხელი, რომელიც ნაზღაიძის მტკიცებით, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის წინა მფლობელი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com