გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა. დღეს, 22 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფაცხალაძესა და მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ “პირველმა ლაშა თორდიამ მოიქნია ხელი”. თუმცა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდიააცხადებს, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა და ის იყო პირველი თავდამსხმელი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მფლობელბაში მყოფ კომპანიაზე თბილისის მერიამ 2 600 000 ლარის კომპენსაცია გასცა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, როცა მისი საბაზრო ღირებულება მაქსიმუმ 600 000 ლარი იყო, ხოლო ამ კომპანიის თავდაპირველი მფლობელი, რომელიც ამ ნაკვეთზე გზის გაყვანის შედეგად დაზარალდა, 4 წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა მერიის მხრიდან კომპენსაციას.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს აუდიტი, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოადგილემ ნინო ლომჯარიამ დღეს მედიასა და საზოგადოებას ამ საქმის პირველი ეპიზოდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც არაერთ კითხვას ბადებს.
“მსურს გაგაცნოთ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის შედეგები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული გარემოება. მოგახსენებთ, რომ აუდიტი არის მიმდინარეობის პროცესში და ზოგადად ჩვენ არ ვასაჯაროებთ მიმდინარე აუდიტის შედეგებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შესწავლის საგანი გახდა გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის მიზეზი, გამომდინარე იქიდან, რომ მედიაში არაერთმა ინფორმაციამ საჯარო გაშუქება პოვა და არაერთი არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა მიმდინარე შემოწმებას, ჩვენ ვთვლით თავს ვალდებულად, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ის ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რასაც ჩვენ ვფლობთ მიმდინარე შემოწმებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, აუდიტის სამსახური ასაჯაროებს იმ ინფორმაციას, რომელიც ამ დროისთვის აქვთ: “როგორც იმავე მერიის წარმომადგენლები აცხადებენ და ეს მერმაც დაადასტურა, ყველა ის ინფორმაცია, რაც მერიაში იყო დაცული, აუდიტის სამსახურს მიეწოდა. ამიტომ, მათივე მტკიცებიდან გამომდინარე, ეს არის ის საბუთები, რაც არსებობს აღნიშნული დასკვნის გარშემო და სწორედ აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაერთ ეჭვს აუდიტის სამსახურის მხრიდან. რაც შეეხება თვითონ აუდიტის მიმდინარეობას, გამოითქვა ეჭვები, თითქოს ეს არ იყო დაგეგმილი აუდიტი, თუმცა ამასთან დაკავშირებით განვაცხადებთ, რომ მიმდინარე აუდიტი არის გეგმური, რომელიც დამტკიცებული იყო 2016 წლის 30 დეკემბრის აუდიტორული გეგმით.”
ვითარება, როცა ფარცხალაძის კომპანია ჯერ არ ფლობდა მიწის ნაკვეთს, ხოლო დაზარალებული მერიისგან 4 წელი უშედეგოდ ითხოვდა კომპენსაციას
აუდიტის სამსახურის იფნორმაციით, 2012 წელს შპს ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის კუთვნილებაში არსებობდა 3 მიწის ნაკვეთი, ხოლო 2011 წელს ერთ–ერთ მათგანზე გაიარა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაყვანილმა გზამ ამ მიწის ნაკვეთის 74%–ის ტერიტორიაზე (საერთო ფართობი 3200 კვ.მ.):
“რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, რაც მიწის ნაკვეთზე ზარალის ანაზღაურებასთან იყო დაკავშირებული მესაკუთრესა და მერიას შორის, შემდეგი ქრონოლოგია არსებობს ჩვენს ხელთ არსებული და იმ ინფორმაციით, რომელიც მოიპოვება თბილისის მერიაში: 2012 წლიდან კომპანია ითხოვდა მერიისგან ზარალის ფულად ანაზღაურებას, თუმცა აღნიშნულის საპასუხოდ, თუ რა პოზიცია ჰქონდა მერიას, აღნიშნული დოკუმენტაციიდან ეს ინფორმაცია არ მოიპოვება. როგორც მერიაში განგვიცხადეს, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ 2012 წლიდან კომპანია მერიისგან ითხოვდა კომპენსაციის სახით ფულად ანაზღაურებას.”
ლომჯარიას თქმით, აუდიტის სამსახურს ასევე მოეპოვება 2014 წლის 12 დეკემბრის წერილი, რომლითაც აღნიშნულმა შპს–მ მიმართა თბილისის მერიას, სადაც კვლავ ითხოვს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ანუ კომპენსაციას ფულადი სახით ან შესაბამისი მიწის ნაკვეთით ჩანაცვლებას:
“ამავე წერილში არის საუბარი იმაზე, რომ მერიამ მათ შესთავაზა გარკვეული მიწის ნაკვეთი, თუმცა მათთვის ეს მიწის ნაკვეთი არ იყო მისაღები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მერიამ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რომელი მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებას (შეთავაზებას) სთავაზობდა ამ კერძო კომპანიას. შესაბამისად, ჩვენ არანაირი მტიცებულება არ მოგვეპოვება იმისთვის, რომ ამ ეტაპზე გავაკეთოთ დასკვნა, თუ რა ტიპის მიწის ნაკვეთს და რა ოდენობის თანხას სთავაზობდა მერია და რატომ არ მოხდა აღნიშნული კომპენსაცია.”
ამის შემდგომ, უკვე 2015 წლის 12 ივნისს, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისის საკრებულომ 3 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს, და მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ მიწის ნაკვეთების სახით სახელმწიფოს გაეცა კომპენსაცია შპს ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოფმენთისთვის.
“გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს არ ჰქონდა უფლება, თავად გადაეცა მიწის ნაკვეთი კომპანიისათვის, ეს უნდა განეხორციელებინა ცენტრალურ ხელისუფლებას. თუმცა შემდეგ ჩანს, რომ მთავრობაში არ განუხილავთ აღნიშნული საკითხი, არ ყოფილა ინიცირებული აღნიშნული მიწის ნაკვეთების ჩანაცვლება მიწის ნაკვეთებით აღნიშნული კომპენსაციის სახით. უკვე მოგვიანებით, 2016 წლის 3 თებერვალს, სამივე მიწის ნაკვეთი საკუთრებაში კვლავ დაუბრუნდა ადგილობრივ თვითმმართველობას. ასევე, არ მოგვეპოვება არანაირი ინფორმაცია და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თავად კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი იმ პერიოდისათვის, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, იყო ინფორმირებული, რომ ცენტრალური ხელისუფლება განიხილავდა ამ მიწის ნაკვეთის კომპენსირებას, რაც საბოლოო ჯამში არ მოხდა; არ ყოფილა ინფორმირებული კომპანია ამის თაობაზე და საბოლოო ჯამში მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაუბრუნდა კვლავ თბილისის მერიას,” – ამბობს ლომჯარია.
კომპანიას ყიდულობს ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც 4 თვეში მიწის საბაზრო ღირებულებაზე 5–ჯერ მეტი ოდენობის კომპენსაციას აძლევენ
უკვე 2016 წლის 29 თებერვალს, აუდიტის სამასხურის ინფორმაციით, იცვლება შპს–ს მესაკუთრე და აქ ჩნდება ოთარ ფარცხალაძეც. აუდიტის სამსახურის ცნობით, 29 თებერვალსვე ახალმა მესაკუთრემ მიმართა თბილისის თვითმმართველობას და მოითხოვა, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ჩანაცვლებულიყო სხვა მიწის ნაკვეთებით:
“ამ წერილზე მერიამ უკვე გასცა პასუხი და შეატყობინა ახალ მფლობელს, რომ აღნიშნული განცხადება განხილვის პროცესში იყო და მიმდინარეობდა საკითხის განხილვა. ცოტა მოგვიანებით, უკვე 25 მარტს, აღნიშნულმა შპს–მ, რომელსაც უკვე ახალი მესაკუთრე ჰყავდა, კვლავ მიმართა თბილისის მერიას ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით და მან მოითხოვა კონკრეტულად 2 მისი ნაკვეთით ჩანაცვლება აღნიშნული მიწის, რაც 30 მარტსვე (5 დღეში) მერიის მიერ დაკმაყოფილდა. 15 აპრილს უკვე საკრებულომ საბოლოოდ დააკმაყოფილა აღნიშნული შპს და ჩაანაცვლა მისი მიწა იმ მიწის ნაკვეთებით, რასაც მოითხოვდა კომპანია.”
აუდიტის სამსახურის კითხვები და პრეტენზიები
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე გარემოებას გამოჰყოფს, რასთან დაკავშირებითაც მათ აქვთ კითხვის ნიშნები. პირველ რიგში, აუდიტის სამსახურის კითხვები ეხება მიყენებული ზარალის შეფასებას მერიის მიერ და გაცემული კომპენსაციის ოდენობას.
“როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნულ შპს–ს თავდაპირველად ზარალი მიადგა 2012 წელს, ხოლო ზარალის შეფასება და კომპენსაციის გაცემა მოხდა 2016 წელს. აქვე ვიტყვით, რომ თავდაპირველად აღნიშნული კომპანიის საკუთრებაში არსებობდა 3 მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ერთი, რომელზეც გაიარა გზამ. 2013 წელს აღნიშნულმა კომპანიამ, სანამ მესაკუთრე შეიცვლებოდა, მომიჯნავე მიწინს ნაკვეთები გაასხვისა (გაყიდა). 1 კვ.მ. მიწის ღირებულება ამ მომიჯნავე ნაკვეთებისა იყო 223 ლარი. საერთო ჯამში, თუ დავთვლით, იმ დროის მდგომარეობით, როდესაც კომპანიას მიადგა ზარალი, როცა გზა გაიყვანეს, თუ ავიღებთ საბაზრო ღირებულებას მომიჯნავე ნაკვეთებისა, რა თანხადაც გაასხვისა მესაკუთრემ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ამ დროისათვის უნდა ყოფილიყო 513 000 ლარი. ანუ ეს არის ის საბაზრო ღირებულება, რითაც უნდა შეფასებულიყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი. თუმცა, უკვე მოგვიანებით, 2016 წელს, როდესაც მოხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კომპენსაცია, 1 კვ.მ. მიწის ღირებულება განისაზღვრა 1136 ლარად. ანუ, როდესაც ზარალის მიყენების დროისთვის, 2012 წლისთვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ-ის ღირებულება უნდა ყოფილიყო 223 ლარი, ხოლო მერიის მიერ კომპენსაციად 1 კვ.მ–ის ღირებულება განისაზღვრა 1136 ლარად. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება მიიქცია იმან, თუ რატომ არ ხდებოდა 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიის მიერ კომპენსაციის გაცემა სწორედ ამ ოდენობის თანხად, რატომ გაიწელა პროცესი და რატომ მოუხდა თბილისის მერიას, რომ დაახლოებით 500–600 ათასი ლარის ფარგლებში შეფასებული მიწის ნაკვეთის კომპენსაცია მოეხდინა 2 615 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთით,” – ამბობს ლომჯარია.
გენერალური აუდიტორის მოადგილე ასევე აკეთებს განმარტებებს, თუ როგორ მოხდა კომპანია შპს ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის გასხვისება და ზარალის ოდენობის განსაზღვრა:
“როგორც მოგახსენეთ, 2016 წლის 29 თებერვალს აღნიშნული კომპანია შეიძინა შპს როიალ დეველოფმენთმა 232 000 დოლარად, ხოლო როგორც აღვინიშნეთ, ამ ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 513 000 ლარი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ 29 თებერვალს კომპანიამ უკვე აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა 580 000 ლარად. ანუ, სავარაუდოდ, ეს იყო ღირებულება, რომლის კომპენსაციასაც ის მოითხოვდა სახელმწიფოსგან და ეს იყო თანხა, რომლითაც მესაკუთრეს უღირდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისება, თუმცა ამ თანხასთან დაკავშირებით მერიის მხრიდან მასთან მოლაპარაკება არ ყოფილა. საბოლო ჯამში ვნახეთ, რომ აღნიშნული ღირებულების მიწის ნაკვეთი, რაც გაიყიდა 580 000 ლარად, მერიამ მისი კომპენსაცია მოახდინა 2 600 000 ლარად ახალი მესაკუთრის მიმართ. რაც შეეხება ახალ მესაკუთრეს, 29 მარტს აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და კომპანიის მფლობელი გახდა შპს როიალ დეველოფმენთი, რომლის 40% წილის მფლობელიც არის ოთარ ფარცხალაძე, 45%-ს წილს ფლობს შპს როიალ დეველოპმენტი, ხოლო 15% წილის მფლობელი არის მანუახ ნანიკაშვილი.”
მოგვიანებით, 2016 წლის 29 ივნისს, აღნიშნული კომპანიის, ანუ როიალ დეველოფმენთის 100% წილის მფლობელი ხდება ოთარ ფარცხალაძე. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი:
“29 ივნისის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც ოთარ ფარცხალაძემ კომპანიის 100% წილი შეისყიდა, ამ დროისათვის, სახელმწიფოს ამ კომპანიისათვის სანაცვლოდ უკვე ჰქონდა ანაზღაურებული 2 600 000 ლარის ღირებულების მიწა. ანუ ამ მიწის სანაცვლოდ, მას უკვე ჩაუნაცვლა სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო შეფასებული 2 600 00 ლარად. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მოქალაქე ფარცხალაძემ კომპანიისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი დაახლეობით 280 000 ლარად, რომლის ღირებულებაც იმ წუთისათვის (იმიტომ, რომ სახელმწიფოს უკვე ჰქონდა ანაზღაურებული) ჩანაცვლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 2 600 000 ლარს. შესაბამისად, ჩვენი პრეტენზიები მდგომარეობს იმაში, თუ რატომ ვერ უზრუნვლეყო მერიამ სათანადო კომუნიკაციის წარმოება კომპანიის თავდაპირველ მფლობელთან ზარალის ანაზღაურების თაობაზე, როდესაც დროული კომუნიკაციით და მოლაპარაკებებით შესაძლებელი იყო, გაცილებით დაბალ ფასად, დაახლოებით 500 00–დან 600 000 ლარამდე მომხდარიყო ამ მიწის კომპენსაცია, და რატომ მოხდა ისე, რომ მხოლოდ 4 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც კომპანიას ახალი მფლობელი (ოთარ ფარცხალაძე) ჰყავდა, ეს საკუთრება შეფასდა მის რეალურ ღირებულებაზე 5–ჯერ მეტ ფასად და კომპენსაცია მოხდა 2 600 000 ლარზე.”