სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა და ის იყო პირველი თავდამსხმელი. თორდიას თქმით, არსებობს სხვა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს მას ყოფილი მთავარი პროკურორი.
მისი განცხადებით, შსს-ს კადრებით დასტურდება, რომ ეს არ ყოფილა წუთიერი შეხვედრა და პირველმა მას სწორედ ფარცხალაძემ დაარტყა.
“იქ არ ყოფილა მომენტალური გადაკვეთა. ის ფაქტები, რაზეც საუბრობენ ფარცხალაძის ადვოკატები, რომ თვითდაზიანებები მივიყენე. კადრები არის იმ რაკურსით წარმოდგენილი, რომ შემდეგ ვერ დავინახოთ, როგორ მოხდა გაგრძელება ამ თავდასხმის. მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული, მიკერძოებული მხარე, რომელიც აცხდებს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა,” – აცხადებს თორდია.
მისი განცხადებით, “ელ ცენტროში”, სადაც დაპირისპირება მოხდა, არსებობს ბევრი კამერა, რომელთა ჩანაწერებიც უკეთ წარმოაჩენს, რა მოხდა რეალურად. თორდია ამ ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.
დღეს, 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფაცხალაძესა და მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.
გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სხემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა.