ახალი ამბები

შსს-მ თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

22 მაისი, 2017 • 5565
შსს-მ თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

დღეს, 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფაცხალაძესა და მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა

[yellow_box]შსს-ს განმარტება[/yellow_box]

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ.

შსს-ს ნცობით, აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა „ელ-ცენტროს“ ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა.

საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა, აცხადებს შსს.

პოლიცია განმარტავს, რომ გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი, როგორ ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს „ელ ცენტროს“ ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება.

შსს-ს განმარტებით, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა, ხოლო ლაშა თორდიასა და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

ლაშა თორდიას ჩვენება

შსს-ს ცნობით, ლაშა თორდიას ჩვენებით, 13 მაისს, ღამის საათებში, იგი ღამის კლუბ „ელ ცენტროს“ ღია ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ. საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე.

პოლიციის ცნობით, ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი – მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის, ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მისი ცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე.

პოლიცია აცხადებს, რომ გამოკითხეს ლაშა თორდიას თანმხლები პირები, რომლებმაც გამოძიებას ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ისინი ვერ უთითებენ ინციდენტის დეტალებზე, ხოლო მომხდარის მიზეზების შესახებ მხოლოდ ლაშა თორდიასგან იციან.

[blue_box]ოთარ ფარცხალაძის ჩვენება[/blue_box]

ოთარ ფარცხალაძის ჩვენების მიხედვით, 13 მაისს, ღამის საათებში, მეუღლესთან, მეგობარ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად „ელ-ცენტროში“ იმყოფებოდა. დაახლოებით 02:00 საათისთვის მათ წასვლა დააპირეს, რა დროსაც შენობის გასასვლელ კართან ლაშა თორდია შეხვდათ. ეს უკანასკნელი მათ მიესალმა, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც „ელ ცენტროს“ ტერასაზე გაგრძელდა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფარცხლაძის ჩვენებით, იქვე მივიდა მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრიც. კამათის დროს ლაშა თორდია უფრო აგრესიული გახდა, ოთარ ფარცხალაძეს თავი ახლოს მიუტანა და, ფაქტობრივად, ყვირილით უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა, ვის როგორ მისალმებოდა. ამის საპასუხოდ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით – „აბა, შენ რა უნდა გელაპარაკო“ და წასასვლელად შემოტრიალება სცადა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს.

ჩოხელი შეეცადა, ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია თორდიასთვის. მომხდარში დაცვის თანამშრომელიც ჩაერია, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა, ლაშა თორდია დასაცავი ობიექტისგან მოშორებით გაეყვანა. მათთან აღმოჩნდნენ „ელ-ცენტროს“ დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც არაუმეტეს 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა. მათი შეფასებით, მომხდარი ფაქტი არის პროვოკაციის მცდელობა.


 

გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სხემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი