დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასამართლო პრიცესიდან ადვოკატების გაძევების შესახებ.
19 მაისის პროცესზე მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მამალაძის სასამართლო პროცესი დახურა. ამის გამო დეკანოზმა მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა მის ადვოკატებსაც. რამდენიმე წუთში სხდომა ადვოკატებმაც დატოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გიორგი მამალაძის ადვოკატები პროცესიდან გაძევებული არიან და მამალაძის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
გიორგი ფანცულაია ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ადვოკატები მოსამართლეს კი არ გაუძევებია, პროცესი თავისი ნებით დატოვეს:
“ადვოკატებს პროტესტის ნიშნად სასამართლო არ დაგვიტოვებია. პროტესტის ნიშნად პროცესი დატოვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელმაც მოგვიწოდა შემდეგი რამ, რაც დაფიქსირებულია სასამართლის სხდომის ოქმში, რომ ჩვენ, ადვოკატებს, დაგვეტოვებინა სასამართლო სხდომის დარბაზი. ადვოკატებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ადვოკატთა ეთიკის კოდექსით არ გვაქვს უფლება, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესის წინააღმდეგ წავიდეთ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გამოვსულიყავით სასამართლოდან.
მეორე, ჩვენ თუ ჩვენით დავტოვეთ სასამართლის დარბაზი, მაშინ სასამართლომ როგორ გაგვაძევა? და თუ გაგვაძევა, მაშინ რატომ გაგვაძევა, თუ არ დაგვიტოვებია? ეს ურთიერთგამომრიცხავია.
მესამე, სახაზინო ადვოკატის დანიშვნას რაც შეეხება, მოსამართლე ვალდებულია, პირველივე სხდომაზე არ დანიშნოს სახაზინო ადვოკატი. თუ ჩვენ სისტემატურად არ გამოვცხადდებით, ადვოკატები, მხოლოდ შემდეგ უნდა დანიშნოს სახაზინო ადვოკატი. ეს უკანონო გადაწყვეტილებაა, თუ მართლა ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ჩვენ გაძევებული ვართ და განჩინება ჩაგვბარდება, ამაზე არსებობს გასაჩივრების წესი. ჩვენ ყველა შემთხვევაში გავასაჩივრებთ, დავასაბუთებთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ აუცილებლად სასამართლოზე. აქ ერთადერთი არის მთავარი, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სურდეს, რომ ადვოკატები იყვნენ მის სასამართლო პროცსზე, თორემ სასამართლოს, დღეს ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია ისეთი, რომ ეკითხებოდეს, ვიქნებით თუ არა სასამართო პროცესზე. ამას სამართლებრივი კუთხით ვამბობ,”- აცხადებს გიორგი ფანცულაია.