ახალი ამბები

დეკანოზმა მამალაძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

19 მაისი, 2017 •
დეკანოზმა მამალაძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი დახურა. ამის გამო დეკანოზმა მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა მის ადვოკატებსაც. რამდენიმე წუთში სხდომა ადვოკატებმაც დატოვეს.

მამალაძის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყო. პროკურატურამ საქმის დახურვა მოითხოვა საქმეში ჩართული პირების პირადი ცხოვრების დეტალების შესაძლო გავრცელების მოტივით, რაც გაითვალისწინა სასამართლომ.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაცვის მხარის დასაბუთება, რომ სხდომა საჯარო უნდა ყოფილიყო იმ მოტივით, რომ ასე სურს ბრალდებულ.დეკანოზს არ იყო საკმარისი.

მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალები შეიცავს  პირად, მათ შორის ინტიმური სახის ინფორმაციას. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ საქმის დეტალები შეიცავს საზოგადოებისთვის ცნობილი პირების ინფორმაციას.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ საჯარო სხდომაზე საკითხის განხილვა დააზიანებს საზოგადოების მორალურ წესრიგს და ეწინააღმდეგება სასულიერო პირების ზნეობრივ პრინციპებს.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სადაც მამალაძემ განაცხადა, რომ პროკურატურას ის აეროპორტში არ დაუკავებია და რომ ის დააკავეს მანქანაში, ხოლო გაჩხრიკეს პროკურატურაში. ბრალდებული მიუთითებს, რომ მისი დაკავება მისი უფლებების დარღვევით მოხდა.

ამ ინფორმაციას უარყოფს პროკურატურა და აცხადებს, რომ მისი დაკვება მოხდა კანონის სრული დაცვით.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის საჯარო განხილვის მომხრე იყო ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, ასევე – საპატრიარქოც, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა. პროკურატურის მოთხოვნები გაითვალისწინა სასამართლომ და დააკმაყოფილა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია და რომ ციანიდის მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი