ახალი ამბები

თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება – ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ

18 მაისი, 2017 •
თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება – ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განსახილველად გაუგზავნა მუნიციპალიტეტებს 7 თვითმმართველი ქალაქის და 7 მუნიციპალიტეტის გაერთიანების რეკომენდაცია. არასამთავრობოებს და ოპოზიციას მიაჩნიათ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

ხმაური იყო დღეს, 18 მაისს, ოზურგეთის საკრებულოში, სადაც სამინისტროს ეს რეკომენდაციები განიხილებოდა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ქალაქ ოზურგეთისა და თემის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს. საკრებულოს შენობაში სამგლოვიარო გვირგვინის მიტანა უნდოდათ, თუმცა დაცვამ ისინი არ შეუშვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სამინისტრო ადასტურებს, რომ ასეთი მიმართვა 14-ივე მუნიციპალიტეტს გაუგზავნეს და მათ 20 დღე აქვთ განსახლევლად და საკუთარი მოსაზრებების სამინისტროში წარსადგენად.

აღნიშნულ ცვლილებებს საჯარო გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მოსახელობა უნდა იყოს ჩართული იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც მათ ეხება.

“რატომ ცვლი თვითმმართველობას? – იმიტომ, რომ ნაკლები დაგიჯდება? არა! უფრო მეტი დაგიჯდება. ეს ის დილემაა, რომელსაც ჩვენ უკვე ვუპასუხეთ. უნდა მივისწრაფოდეთ, რომ უფრო დავაახლოვოთ ხელისუფლება და ხალხი. ეს ხომ აქსიომაა?! ეს ხომ მარტივია?! თუ სოფელში გასაყვანია გზა, იმ სოფლის მოქალაქეებს არ უნდა ჰკითხო, როგორ უდა გაიყვანო გზა?” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება 7 მუნიციპალიტეტთან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რას გულისხმობს ცვლილება

ცვლილების მიხედვით, 7 თვითმმართველი ქალაქი (გორი, ზუგდიდი, ახალციხე, თელავი, ოზურგეთი, მცხეთა და ამბროლაური) 7 მუნიციპალიტეტთან (გორის, ზუგდიდის, ახალციხის, თელავის, ოზურგეთის, მცხეთისა და ამბროლაურის) უნდა გაერთიანდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ 2014 წელს ამ შვიდმა ქალაქმა თვითმმართველობა იმიტომ მიიღეს, რომ გაზრდილიყო მათი შემოსავლები, მოეზიდათ მეტი ინვესტიციები და გაზრდილიყო  მოსახლეობის ჩართულობა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ქალაქ თელავის საკრებულოსადმი გაგზავნილ მიმართვაში, სადაც სამინისტროდან სთხოვენ, რომ განიხილონ თელავის მერიისა და თელავის მუნიციპალტეტის გაერთიანების წინადადება, აღნიშნულია, რომ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაყოფით გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, რადგან ახლა ერთის ნაცვლად ორი თვითმმართველი ერთეულის შენახვა უწევთ.

ასევე აღნიშნულია, რომ ქალაქებში მოთავსებულია ისეთი ინფრასტრუქტურული ერთეულები, რომლებსაც იყენებენ სოფლის მცხოვრებლებიც (სკოლა, ბაღი, მუზეუმი და სხვა), თუმცა მათი მოვლა-პატრონობა მხოლოდ ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამინისტრო მოუწოდებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომ იმსჯელოს თვითმმართველობის გაერთიანებაზე, თუმცა ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ გაუარესდეს მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი განყოფილების უფროსმა დავით მეტრვეელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ ცვლილებით არ უარესდება თვითმმართველობების სტატუსი, არამედ ისინი ერთიანდებიან და გამგებლის ნაცვლად იქნება მერი.

მეტრეველი ამბობს, რომ ბიუჯეტები გაერთიანდება, არ შემცირდება და დაწყებული პროექტები  გაგრძელდება. მისი თქმით, გაერთიანება ინვესტორებს გაუადვილებს მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობას.

“[ინვესტორებს] ექნება ურთიერთობა ერთ მთავრობასთან და არ იქნება ერთ ტერიტორიაზე ორი მმართველი, და გაუგებრობა რომ არის, ერთ შენობაში სხედან ხოლმე ზოგან”, – ამბობს დავით მეტრეველი.

კითხვაზე, რატომა არის, მაგალითად, ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთი და იგივე ტერიტორია, მეტრეველი პასუხობს, რომ შეიძლება ინვესტორს უნდოდეს ისეთი ინვესტიციის ჩადება, რომელიც შეეხება როგორც ქალაქის მერიის, ისე მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ამიტომ ეს გააიოლებს მის საქმიანობას.

კითხვაზე, რომელ ინვესტორს შექმნია ამის გამო პრობლემა, დავით მეტრეველი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

დავით მეტრეველის თქმით, ცვლილების მიხედვით, რომელიც არა მარტო შვიდ მუნიციპალიტეტს, არამედ ყველას შეეხება,  შეიქმნება კოლეგიური ორგანოები, მერის ხელმძღვანელობით. ეს კოლეგიური ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

მეტრეველის აზრით, გაიზრდება საკრებულოს ჩართულობაც, რადგან კოლეგიური ორგანოების წევრები, რომელშიც მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები შევლენ, საკრებულოს დეპუტატების თანხმობით დაინიშნებიან.

მეტრეველის თქმით, მუნიციპალიტეტი დაიყოფა ტერიტორიულ ერთეულებად, რომლებშიც შევლენ 10-15 არჩეული პირი და ისინი იმსჯელებენ, რა უნდა გაკეთდეს არსებული თანხებით. ეს კოლეგიური ორგანო კი მიაწვდის თავის მოსაზრებებს საკრებულოებს.

“ადგილზე იქნება კოლეგიური ორგანო და არ მოუწევთ ცენტრში სიარული. მათთან ადგილზე მოხდება ორმხრივი კომუნიკაცია და არა ცალმხრივი”, – ამბობს მეტრეველი.

ახალი ცვლილების მიხედვით, მოწესრიგდება თვითმმართველობების ააიპ-ების საკითხი. მეტრეველის თქმით, დღეს არის ააიპ-ები, რომლებიც ერთსა და იმავე საკითხებს ფარავენ.

დავით მეტრეველი ამბობს, რომ ახლა კანონპროექტის სამუშაო ვერსიაა მზად და ჯერ არ აქვეყნებენ. მას შემდეგ, რაც მიიღებენ პასუხს ადგილობრივი თვითმმართველობებისგან და კანოპროექტი დასრულებულ სახეს მიიღებს, შემდეგ გაასაჯაროებენ.

[blue_box]რას ამბობენ არასამთავრობოები[/blue_box]

არასამთავრობოები კი ფიქრობენ, რომ ახალი ცვლილებები კი არ გააუმჯობესებს მდგომარეობას, არამედ გააუარესებს, რადგან ეს გაართულებს მოქალაქეების ჩართულობას, ასევე, სამინისტროს ღიაობას უწუნებენ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ იმას, რომ ამ ერთეულების გაერთიანების საკითხი სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გაიმართოს.

“ცუდია პროცესი, რომელიც დახურულ კარს მიღმა განვითარდა და არ გვქონდა საშუალება, რომ ჩავრთულიყავით. დღეს უკვე ვიცით, რომ საკრებულოს სხდომები უნდა გაიმართოს, სადაც თვითმმართველი ერთეულები იმსჯელებენ გამსხვილებაზე და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილის თქმით, თვითმმართველობა ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან და თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტების გაყოფამ შესაძლებელი გახადა, რომ ბიუჯეტი კონცენტრირდეს სოფლისა და ქალაქის საჭიროებებზე.

ირმა პავლიაშილი ამბობს, რომ თემისა და ქალაქის თვითმმართველობების არსებობით ფუნქციები დუბლირებული ვერ იქნება, რადგან თემის გამგებელი და ქალაქის მერი ორი განსხვავებული მოცემულობაა და ფუნქციების აღრევა არ არის.

“თუ რაიმე პრობლემა არის და რეფორმის კუთხით გადასახედია, არ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რომ თვითმმართველი ერთეულები გავამსხვილოთ, მოდით, პრობლემები აღმოვფხვრათ”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

კოტე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი, საკრებულოების წევრებს მოუწოდებს, რომ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილება პარტიული ინსტრუქციების მიხედვით, გამართონ ფართო კონსულტაციები მოსახლეობასთან და მოქალაქეების მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.

“ძალიან ფორსირებულად მიმდინარეობს ეს პროცესი. საკონსტიტუციო განხილვების დროს მოსახლეობამ უარყოფითი აზრი გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არ იყო კონსტიტუციის თემა”, – ამბობს კოტე კანდელაკი.

კოტე კანდელაკს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი მიბმულია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რადგან ამ 7 თვითმმართველ ქალაქში შეიძლება ზოგიერთს გაუჭირდეს არჩვენებში გამარჯვება, ურჩევნიათ, ქალაქები და სოფლები გააერთიანონ.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილება იქნება უკან სვლა და საბჭოური მართვის წესის რეანიმაცია.

ალაფიშვილი იხსენებს “რესპუბლიკური პარტიის” ცნობას, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს წინასაარჩევნო სიების შედგენაში მონაწილეობა მიიღეს სუს-ის წარმომადგენლებმა.

ალაფიშვილი მიმართავს პრეზიდენტს, რომ გამოაცხადოს თვითმმართველობის არჩევნები, რითიც მინიმუმ 2021 წლამდე შეაჩერებს ამ პროცესს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების თარიღის დანიშვნა ვითარებას ვერ შეცვლის.

ეგნატე შამუგია, ზუგდიდში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯის” წარმომადგენელი ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარიდან 7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

შამუგია ამბობს, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებას: გარე განათებების დამონტაჟებას, სანიაღვრე სისტემის, სკვერებისა და ბულვარის კეთილმოწყობას.

“გაერთიანების შემთხვევაშიც შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ იმ მოცულობით არა, როგორც ეს იქნებოდა ცალკე”, – ამბობს შამუგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი