ახალი ამბები

ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მესიჯები

17 მაისი, 2017 •
ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მესიჯები

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (IDAHOT) აღსანიშნავად გამართული აქცია დასრულდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ თარიღის აღნიშვნა. დღეს არის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ჩვენ შევიკრიბეთ და სიძულვილის წინააღმდეგ გამოვედით. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ დაგვიცვას, დაიცვას ჩვენი უფლებები. მოვუწოდებთ ხალხს, რომ მიგვიღონ, ნუ გვდევნიან”, – ამბობს აქტივისტი კობა ბიწაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “თემიდას” წარმომადგენელი.

კობა ბიწაძე

კობა ბიწაძე

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა ჯგუფს ჰქონდეს გამოხატვის საშუალება. ეს უფლება ყველას აქვს ლგბტ თემის გარდა. დღეს სახელმწიფო ამ სპეციფიკურ ფორმატს გვთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია მოსვლა. დილის 10 საათზე იწყება აქცია. არც ერთი აქცია არ იწყება ხოლმე ასეთ დროს. ცხადია, ეს უფლების სრულფასოვანი რეალიზება არ არის. სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებმა თანაცხოვრება უნდა შევძლოთ. 

საჭირო არ არის ასეთი უშველებელი კორდონის არსებობა. მე პირადად ჩემით მოვედი, გამოვიარე კონტრდემონსტრანტებს შორის. იყო შეძახილები, მაგრამ ზედმეტ აგრესიას და გადამეტებულ უზრდელობას ადგილი არ ჰქონია. ვფიქრობ, ცოტა გაბუქებულია ის მდგომარეობა, რაც დღესაა. 2013 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ. საზოგადოება მიხვდა, რომ ძალადობა დაუშვებელია, ხოლო საწინააღმდეგო აზრის არსებობა ჩვეულებრივი პროცესია”, – ამბობს ბაია პატარაია, ფემინისტი.

ბაია პატარაია

ბაია პატარაია

“დღეს არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. შევიკრიბეთ ლგბტ თემის წევრები და უფლებათა აქტივისტები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს, რომლებსაც მათი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო [სდევნიან].

პოლიციამ მაქსიმალური ზომები უნდა მიიღოს, რათა აქ მყოფებს საშუალება ჰქონდეთ, გონივრულ ვადაში გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და პროტესტი’, – ამბობს იურისტი გიორგი გოცირიძე.

“წელიწადში ერთხელ მაინც გვაქვს ხოლმე სურვილი, რომ გამოვიდეთ და ვთქვათ იმ პრობლემების შესახებ, რაც ჩვენ გარშემო არსებობს. რაც შეეხება 2013 წლის 17 მაისის შემდეგ უფლებრივი მდგომარეობის შეცვლის საკითხს, ძალიან გამიჭირდება რამის თქმა. მიუხეავად იმისა, რომ კანონმდბელობის თვალსაზრისით იყო წინ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენ ყოველ წელს ვიგებთ ლგბტ თემის წარმომადგენლის მკვლელობის შესახებ, ძალადობის თაობაზე. კანონმდებლობას შედეგი არ მოუტანია”, – ამბობს გიორგი კიკონიშვილი, ბლოგერი და ლგბტ აქტივისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი