ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ “აიფონ პლუსს” “აიტექნიკისთვის” 856 000 ლარის გადახდა დააკისრა

10 მაისი, 2017 • 6412
სასამართლომ “აიფონ პლუსს” “აიტექნიკისთვის” 856 000 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეფლის ტექნიკის რეალიზატორი მაღაზია “აიტექნიკის” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და “აიფონ პლუსს” მათ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 856 000 ლარის გადახდა დააკისრა. კომპანია დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

აიტექნიკმა სასამართლოს “აიფონ პლუსის” წინააღმდეგ 2016 წლის ოქტომბერში მიმართა. აიტექნიკი სასამართლოში 3 მოთხოვნას აყენებდა და “აიფონ პლუსისგან” 1.5 მლნ-ზე მეტს ითხოვდა.

პირველი მოთხოვნა კომპანიის სახელით დარეგისტირებულ საიტს შეეხებოდა. აიტექნიკის ინფორმციით, სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ მათი მაღაზიის გახსნიდან მოკლე დროში კონკურენტმა კომპანიამ, “აიფონ პლუსმა” იყიდა ინტერნეტ დომეინი itechnics.ge, რომელსაც იყენებდა კომპანიის იმიჯის შელახვისა და დისკრედიტაციისთვის. ვებ-გვერდზე განთავსებული იყო უნიტაზების ფოტოები სლოგანით: “აიტექნიკი, თქვენი თანამგზავრი უნიტაზების სამყაროში.” აიტექნიკის ადვოკატის, გიორგი ცერცვაძის თქმით, სავარაუდოდ, მათი სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა.

“მამუკა მარღიშვილი (iPhone+ის დამფუძნებელი) ადასტურებდა, რომ დომეინი შექმნა თვითონ, საიტი შექმნა თვითონ, თვითონვე მოიძია IT სპეციალისტი და მას სთხოვა, რომ იქ დაედო ჭიკარტების, უნიტაზების და მადისკრედიტირებელი მასალა. ფაქტობრივ ნაწილში ის გვეთანხმება მთლიანად. ის არ გვეთანხმება მხოლოდ სამართლებრივ ნაწილში. ის ამბობს, რომ ამას აკეთებს ყველა და ამით რა მოხდა? სამი ეპიზოდიდან ორში ის გვეთანხმება და ამბობს, რომ ეს გააკეთა. მაგრამ არ გვეთანხმება, რომ ასეთი ქმედება რამე სამართალსაწინააღმდეგოს შეიცავს,” – ამბობს ცერცვაძე.

“აიფონ პლუსში” აცხადებენ, რომ დომეინი iTechnics.ge კომპანია “აიტექნიკის” ბაზარზე გამოჩენამდე შექმნეს და ამ სახელით აპირებდნენ სუპერმარკეტის გახსნას.

აიტექნიკის კიდევ ორი მოთხოვნა ყალბ ფეისბუკ გვერდსა და მათი ოფიციალური ფეისბუკ გვერდის მასობრივ “რეპორტინგს” შეეხებოდა. აიტექნიკის წარმომადგენლების განცხადებით, 2016 წლის მარტში ფეისბუკში შეიქმენა გვერდი “iTechnics Georgia”, რომელიც იყო კომპანიის ოფიციალური გვერდის იდენტური, სახელის ბოლოს კი დამატებული ჰქონდა “S”. სხვა ყველა მონაცემი რეალური გვერდის ანალოგიური იყო, რითაც  მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა მათ კონკურენტს.

“ფეისბუკ გვერდზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია აიტექნიკი მომხმარებელს სთავაზობდა ხანძრის შედეგად დასველებულ და შემდეგ ბრინჯში გამშრალ ტექნიკას, რასაც ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუკ მომხმარებლის მხრიდან და ზიანი მიადგა კომპანიის საქმიან რეპუტაციას. აღნიშნული დასახელების გვერდი დღესაც არსებობს და ფუნქციონირებს,” – აცხადებენ კომპანიაში.

2015 წლის ნოემბერში ფეისბუკმა გააუქმა აიტექნიკის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი, რასაც აიტექნიკი ასევე “აიფონ პლუსს” ედავება. მაგრამ მოპასუხე კომპანიის განცხადებით, საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, აიტექნიკის გვერდი თავად ფეისბუკმა ამერიკული კორპორაციის Apple-ის სავაჭრო ნიშნის დარღვევის გამო გააუქმა.

კონკურენციის პირობების დარღვევის შესახებ კომპანიებს შორის დავა ასევე გრძელდება კონკურენციის სააგენტოში, რომელიც ცერცვაძის თქმით, საქმეზე დასკვნას, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს წარმოადგენს.

“აიფონ პლუსის” მფლობელი მამუკა მარღიშვილი კი მიზანმიმართულ გაკოტრებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს, რომლებსაც კავშირი აქვთ კომპანია “აიტექნიკთან”. კერძოდ, 2011 წელს კომპანია დააფუძნეს ცერცვაძის მამამ და ცოლისძმამ, ხოლო კომპანიის მენეჯერი მისი ცოლი, გვანცა მიქუჭაზეა. “აიფონ პლუსი” ყადაღასა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ცერცვაძის გავლენას უკავშირებს.

მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლაზე აიტექნიკის იურისტი კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მარღიშვილის “აბსურდულ ბრალდებებს” სერიოზულად ვერ უპასუხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი