“საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ირაკლი ალასანიას, აქვს უფლება მოსაზრება ჰქონდეს. თქვენ არ იცნობთ ჩემი მმართველობის ფორმას, მე ხასიათით ვარ დემოკრატი. ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, მაგრამ თუ კოალიციაშია, აზრი უნდა იკითხოს, თუ არ იზიარებს კოალიციის აზრს, უნდა გამოვიდეს კოალიციიდან და განცხადებები გააკეთოს. კოალიციაში ჩვენ ამის განხილვა არ დაგვიწყია, როცა ავხსენი ამ ინსტიტუტის აზრი, მას ალასანია ვერ ერგება, ამ ინსტიტუტს. დაიწყება მსჯელობა ამ საკითზე კოალიციაში და თუ ალასანიას ან სხვა ვინმეს ექნება სხვა აზრი, გამოვიდეს კოალიციიდან და განაცხადოს.”
ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიას გადაადგილების მარშრუტიც განიხილა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “ქრონიკის” ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ალასანია დუბაიში ჩავიდა, შემდეგ გადაფრინდა საფრანგეთში, შემდეგ კი – დიდ ბრიტანეთში. ჟურნალისტის თქმით, ამ მარშრუტით გადაადგილებისას ალასანიამ გიგი უგულავას მეუღლესთან და მის დაქალან ერთად იმგზავრა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ივანიშვილმა ალასანია ამ ვოიაჟის გამო მთავრობის სხდომაზე დატუქსა: “ირაკლი, სად იყავი, მე არ უნდა მცოდნოდაო? “ქრონიკის” ჟურნალისტმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს განმარტება მოსთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
“მე მართლაც მქონდა კითხვა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით. ამ თემის აჟიტირება არ მინდა, იმდენი არაფერი არ მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ალასანია ჯერ ახალგაზრდა კაცია. რაც შეეხება საფრანგეთს და მეუღლეს, ეს ძალიან პირადია. მე პირადში არ ვერევი. სხვათა შორის, პრეცედენტები მოხდა არჩევნების დროს, იქ ვიღაცებს რაღაც ფილმები გადაუღეს გუნდიდან. ძალიან გაწბილებულნი იყვნენ, ივანიშვილს როგორ დავენახოთო. მე ვუთხარი, არა, თქვენ თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ, მე პირადულში არ შევდივარ, თუმცაღა მე ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ოჯახი ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს. საქართველოში ზოგჯერ ხერხდება ეს და ბევრი ახლობელი ღალატობს მეუღლეს, მაგრამ ეს ძალიან პირადულია. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში. მე ეს არ ვიცი და ჭორებზე არ ვაკეთებ კომენტარს, ვისთან მგზავრობდა და როგორ მგზავრობდა,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მოსთხოვს ალასანიას, რომ გამოაქვეყნოს -ვის შეხვდა, როგორ და ვისთან ერთად იმგზავრა: “ამით კითხვებს პასუხი გაეცემა. დუბაიში იყო პატარა გაუგებრობა და ეს უნდა დავივიწყოთ. რაც შეხება დიდ ბრიტანეთს, ალასანიას შევხვდი ორი დღის წინ და ხვალაც შევხვდები. ბრიტანეთის ვიზიტი იყო წარმატებული.”
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ საკუთარ პარტიაში წმენდა დაიწყო: “არიან “შემოყრილები” გარედან და აკეთებენ იმას, რაც “ნაცმოძრაობას” სურს. ირაკლი დამპირდა, რომ თავდაცვის სამინიტროს საუკეთესო გახდება. იყო კითხვები სამეგრელოსთან დაკავშირებით, ირაკლი 7 რეგიონს კურირებდა, ჩვენ იქ შედეგი ვერ მივიღეთ. ალასანია დაიწყებს ამ საკითხის კვლევას, თუ რა შეცდომები იყო დაშვებული მენეჯმენტში.”
პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ის პირადპირ კაცია და ამით ძალიან ჰგავს დედას, ამიტომ სიმართლეს ყველას პირდაპირ ეუბნება: “ალასანიას შეეშალა რაღაც, მაგრამ მგონი კარგად გაიგო. გუნდში პორბლემები არ არის და ირაკლი ჩვენი გუნდის წევრია. არავითარი კითხვები არ ისმის კოალიციდან გასვლაზე. რა მოხდა დუბაიში ამით დავინტერესდები.”