„ნეტგაზეთმა“ „ახალი მემარჯვენეების“ წევრს ჰკითხა, როგორ აფასებდა  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უცირესობისთვის წაყენებულ პირობას, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობა ვერ ხედავს დისკუსიის აზრს საპარლამენტო უმცირესობასთან, თუკი ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

 

„მე რატომღაც მეჩვენება, რომ დღევანდელი უმრავლესობა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავებულნი არიან უფრო

მანანა ნაჭყებია/ფოტო: რადიო თავისუფლება
მანანა ნაჭყებია/ფოტო: რადიო თავისუფლება

ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ქვეყანაში ახდენენ  დაპირისპირების დემონსტრირებას და არც ერთი მხარე არ ამოდის იმ ინტერესიდან, რა სჭირდება ხალხს და ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება სწორი და რეალური ე.წ. კოაბიტაცია, ქვეყნის ინტერესების წინ წამოწევა და არა დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ დღეს ვართ ძალიან მყიფე სიტუაციაში, როცა საჭიროა ინსტიტუციონალური გაძლიერება და სტაბილურობის ამ გზით მიღწევა. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებები, შემდეგ პასუხის პასუხის გაცემით, მგონი, შორს ვერ წავალთ. მე მოვუწოდბდი ორივე მხარეს – ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას: გავაკეთოთ ის, რაც ჭირდება ქვეყნის განვითარებას. მე ეს განცხადებები, რაც კეთდება დღეს, მაგონებს მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას, რომ მას ოპოზიცია არ სჭირდება და ოპოზიცია არის ზურგში ლახვარი. ხელისუფლების დღევანდელ განცხადებებს ამისგან ბევრად ვერ განვასხვავებ“, – განუცხადა მანანა ნაჭყებიამ „ნეტგაზეთს“.

 

მანანა ნაჭყებიას თქმით, „ახალი მემარჯვენეები“  აქტიურად აპირებენ მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში.  მისივე განმარტებით, საკონსტიუტციო ცვლილება მხოლოდ ფრაგმენტული, დროის მოკლე მონაკვეთზე გათვლილი ცვლილებით არ უნდა შემოიფარგლოს და კონსტიტუცია ისე შეიცვალოს, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი იყოს დაცული.

 

„თუ ჩვენ ვერ შევქმნით ქვეყანაში ისეთ სისტემას, რომელიც გამორიცხავს მუდმივად პარლამენტის მორჩილებას პირველი პირის მიმართ, არა აქვს მნიშვნელობა, ეს პრემიერ–მინისტრი იქნება თუ პრეზიდენტი. სამწუხაროდ, ხელში შეგვრჩება მხოლოდ კონკრეტულ მომენტში ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი ცვლილებები.

 

უნდა შეიზღუდოს თუ არა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა შეიზღუდოს, მაშინ ეს ძალაუფლება გადადის პრემიერ–მინისტრზე. მოდით, ვნახოთ ის ჩანაწერი კონსტიტუციაში, რაც დღეს არის, როგორი ძალაუფლებით აღჭურავს დღევანდელი კონსტიტუცია მომავალში პრემიერ–მინისტრს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ამ პოსტს ირგებდა მიხეილ სააკაშვილი. ახალი ცვლილების შემდეგაც ძალაუფლება პრემიერ–მინისტრის ხელში იყრის თავს. სწორედ ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად ვერც დადებიდათ და ვერც უარყოფითად ამას ვერ შევაფასებთ.  აუცილებლად საჭიროა განვიხილოთ მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო ფართო კონტექსტში“, – მიიჩნევს მანანა ნაჭყებია.

 

მანანა ნაჭყებიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ „ახალი მემარჯვეენბი“ წლების წინ ეწინააღმდეგებოდნენ პარლამენტის ქუთაისში გადატანას, რადგან ეს დიდი ფინანსურ ხარჯთან იყო დაკავშირებული.

 

„თუმცა ახლა დგება მომენტი, როცა ქვეყანა უნდა დაფიქრდეს, უკვე დახარჯული უზარმაზარი თანხის გადაყრა, რაც პარლამენტის მშნეებლობას მოხმარდა, რამდენად სწორი იქნება.  ალბათ ჯობდა, პარლამენტი ამ ეტაპზე დარჩენილიყო ქუთაისში, რადგან მე ვერ ვხედავ ამ შენობის გამოყენების პერსპექტივას. ის ვერც საკონცერტო დარბაზი იქნება, ვერც სამთავრობო შენობა. გარდა ამისა, ქუთაისში უკვე აშენებულია მთავრობის სახლი, რომელსაც ბოქლომი დაედო, უკვე არის კონტროლის პალატა, რომელიც ალაბთ თბილისში წამოვა. ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ პარლამენტის დაბრუნება თბილისში სწორი გადაწყვეტილებაა, გაგვიჭირდება“, – ამბობს მანანა ნაჭყებია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *