ახალი ამბებისამართალი

საპატრიარქოს იმიჯი, საზოგადოებრივი მორალი – რატომ მოითხოვა პროკურატურამ სხდომის დახურვა

5 მაისი, 2017 •
საპატრიარქოს იმიჯი, საზოგადოებრივი მორალი – რატომ მოითხოვა პროკურატურამ სხდომის დახურვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომის დახურვას პროკურატურამ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის, საზოგადოებრივი მორალის, ეკლესიის ავტორიტეტის დაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სასამართლო პროცესის მონაწილეთა დაცულობის მოტივით მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

როდესაც მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აქცენტი გააკეთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციისა და პროცესის მონაწილეთა ინტერესების დაცვაზე.

პროკურატურა მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

პროკურატურამ სხდომის დახურვის შუამდგომლობაში მიუთითა, რომ ბრალდების მხარის მოწმის მიმართ განხორციელდა მუქარის ზარი, რომელზეც დაწყებულია გამოძიება. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ საჯაროობა და მედიის მიერ პროცესის გაშუქება საფრთხის ქვეშ დააყენებდა პროცესის მონაწილე პირებს.

პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ მუქარის ზარი რელიგიური მოტივით განხორციელდა და ამიტომ იყო საშიშროება, პროცესის გასაჯაროებას რელიგიური მღელვარება მოჰყოლოდა.

პროკურატურამ ასევე მიუთითა, რომ გიორგი მამალაძე არის დეკანოზი. ამიტომ მისი, როგორც სასულიერო პირის ცხოვრების წესი, აგრეთვე ის გარემოება, თუ როგორი “მიუღებელი ფორმებით” ცდილობდნენ დეკანოზი და მასთან დაკავშირებული პირები მიზნის მიღწევას, საზოგადოებრივ მორალსა და წესრიგს საფრთხეს შეუქმნიდა.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ღია სასამართლო სხდომის ჩატარების შემთხვევაში, საზოგადებისთვის ცნობილი გახდებოდა მოწმეთა ვინაობა, მათი დემოგრაფიული, საკონტაქტო მონაცემები, ამიტომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ მათზე მოეხდინათ უარყოფითი ზემოქმედება.

პროკურატურის განმარტებით, მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოში, გაფორმებულია საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, ხოლო საქმე ეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საპატრიარქოში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

“საქმე ეხება ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. აუდიო-ვიდეოჩანაწერებში, ასევე საქმის სხვა მასალებში, კატეგორიულად მიუღებელ მომენტებში ჩანს გიორგი მამალაძე და აშკარაა, როგორი მიუღებელი მეთოდებით ცდილობდნენ მამალაძე და მასთან დაკავშირებული პირები სასულიერო პირების დისკრედიტაციას”, – განაცხადა პროკურორმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 83% მართლმადიდებელი ქრისტიანია და დიდია ალბათობაა, რომ საქმის მასალების სრულად გასაჯაროება შფოთს შეიტანდა საზოგადოებაში, რადგან ისეთი გარემოებების შესახებ გაიგებდნენ, რაც ეწინააღმდეგება “სასულიერო პირთან ასოცირებულ ზნეობრივ სტანდარტს.”

“საქმეში არსებული მასალების ღია სასამართლო სხდომაზე განხილვამ, რომელიც კატეგორიულად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს ბრალდებულ გიორგი მამალაძის, როგორც სასულიერო პირის, მორალურ გზებს და ცხოვრების წესს, შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე პირთა მხრიდან საზოგადეობაში მცდარი, გადაუმოწმებელი ინფრომაციის გავრცელება, რაც მაღალი ალბათობით შფოთს შეიტანს საზოგადეობაში და საფრთხის შემცველი ქნება საზოგადოებრივი წესრიგისთვის”, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურამ ასევე განმარტა, რომ სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დაზარალებულებისა და მოწმეების დაცვა და მიეცეთ მათ საშუალება, დაუფარავად მიაწოდონ პირადი სახის ინფორმაცია სასამართლოს.

დაცვის მხარე კი ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ მღვდელმსახურია და წარმოადგენს საპატრიარქოს. ასევე, გიორგი მამალაძის ინტერესებში შედის, რომ სხდომა საჯარო ყოფილიყო. ფანცულაიამ მოსამართლეს მიმართა, რომ სასამართლოს ობიექტურობას განაპირობებს მისი საჯაროობა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდების მოწმე ირაკლი მამალაძეს არაერთხელ მიუცია ინტერვიუ ამ საქმესთან დაავშირებით და თავად პროკურატურასაც აქვს გავრცელებული ვიდეომტკიცებულებების ნაწილი. შესაბამისად, მან დაუსაბუთებლად მიიჩნია პროკურატურის შუამდგომლობა.

სხდომის დახურულად გამოცხადებამდე ბრალდებულმა დეკანოზმა მხოლოდ ის განმარტა, რომ საქმე შეეხებოდა კონკრეტულ ბრალდებას და არა მის პირად ცხოვრებას.

როდესაც სხდომა დახურულად გამოცხადდა, მოსამართლემ განმარტა, რომ სხდომის გასაჯაროებას შესაძლებელია საფრთხე შეექმნა პროცესის მონაწილე პირებისთვის. მან აღნიშნა, რომ ბრალდების მოწმის მიმართ მუქარის ზარი განხორციელდა, რომელზეც დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით.

მოსამართლემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქმის მასალები შეიცვადა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას და მათი დაცულობის მიზნით წინასასამართლო სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი